"არ ვაპირებდი თქვენთვის იმ პრობლემის შეხსენებას, რის წინაშეც მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით, მაგრამ..." - ირინა სარიშვილი
ამობეჭდვა · 27 / 12 / 2018 14:46
"არ ვაპირებდი თქვენთვის იმ პრობლემის შეხსენებას, რის წინაშეც მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით, მაგრამ..." - ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ჩემო კარგო მეგობრებო!
არ ვაპირებდი თქვენთვის ამ წინასაახალწლო პერიოდში იმ პრობლემის შეხსენებას, რის წინაშეც მე და ჩემი ოჯახი აღმოვჩნდით, მაგრამ უამრავი თქვენგანის, განსაკუთრებით ემიგრანტების შეკითხვებს იმ საიტის თაობაზე, სადაც ჩემი ბინის ფული გროვდება, ვერ ავუვლი გვერდს, რადგან ამან შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ჩემი უახლოესი მეგობრის მიერ წამოწყებულ კამპანიას.

საქმე ეხება ამერიკულ საიტს "GoFundMe"-ს, რომელზეც ჩემი ბინის ფული გროვდება უკვე აგვისტოდან.
მოხდა ისე რომ ამ კამპანიის დასაწყისშივე, სულ რამოდენიმე დღეში, ვიღაც პერსონამ, დიდი ალბათობით ქართველმა (ამას საიტი არ ახმაურებს) უჩივლა ჩემს მეგობარს ჯიმი კენედის რომ ის ამ ფულს სხვა მიზნისთვის აგროვებდა და ჩემთან საერთო არაფერი ჰქონდა. ამ საიტს სრულიად დამსახურებულად ძალიან კარგი იმიჯი აქვს და მისი ხელმძღვანელობა მაქსიმალურად უფრთხილდება ამ იმიჯს. ამიტომ მან დროებით, საქმის გარკვევამდე, დაბლოკა ეს კამპანია და სადღაც 3 თვეში, როცა დარწმუნდა რომ ყველაფერი რიგზე იყო, ისევ გახსნა. თუმცა იმ ვიღაც უსინდისომ, რომელსაც აშკარად ჩემი სიძულვილით ჩემთვის საქმის გაფუჭება უნდოდა ამით, ამ 3თვიანი ბლოკით მე ძალიან ბევრი დრო და თანხის დადების მსურველებიც დამაკარგვინა.

დეკემბერში უკვე ჩემს კედელზე დავდე ეს ინფორმაცია, რაც თქვენ ნახეთ და ისევ დაიწყო დახმარების მსურველებისგან დონაციის პროცესი, რომელიც რამდენიმე დღეა ისევ შეყოვნდა, ამჯერად არა საიტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, არამედ იმ ჩემთვის სრულიად გაუგებარი მითქმა–მოთქმის გამო რაც ამ საიტის სხვა კამპანიის გარშემო ატყდა. დახმარების მსურველებს გაუჩნდათ ეჭვი რომ ამ საიტზე ფულის დადება არ ღირს, მიკავშირდებიან მე და მეკითხებიან როგორ მოიქცნენ.
ყველას გასაგონად ვამბობ:

ამერიკული საიტი "GoFundMe" არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ღია და შეუძლებელია რომელიმე კამპანიის ორგანიზატორმა ადრესატისთვის შეგროვებული თანხა დამალოს ან მიითვისოს ერთი ცენტიც კი! ასევე, ამ საიტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კამპანიის მიმდინარეობის განმავლობაში უკვე არსებული თანხის ნაწილ–ნაწილ გადაცემა ადრესატისთვის არ შეიძლება. თანხა ადრესატს ეგზავნება მხოლოდ კამპანიის დახურვის შემდეგ, რაზეც გადაწყვეტილებას კამპანიის ორგანიზატორი იღებს, დაწესებული პროცედურის მიხედვით, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში.
ამ ყველაფერს განვმარტავ იმიტომ, რომ ჩემთვის დახმარების მსურველებს არ გაუჩნდეთ ეჭვი საიტის ან ამ კამპანიის ორგანიზატორის მიმართ, რომელიც ჩემი ბავშვობის მეგობარია და დიდი ხანია აშშ–ს მოქალაქეა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ – საიტი "GoFundMe" აბსოლუტურად უსაფრთხო და გამჭვირვალეა და უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის და ქართველი ემიგრანტებისთვის. საიტის ხელმძღვანელობა ძალიან უფრთხილდება თავის იმიჯს და ამიტომ უმკაცრესად კონტროლდება ყველაფერი.

ამიტომ, ჩემო მეგობრებო, ვისაც სურვილი გაქვთ ჩემი დახმარების, განსაკუთრებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებს, ამ საიტზე თანხის დადება ბევრად უფრო მარტივია თქვენთვის, ვიდრე ჩემს ანგარიშზე საზღვარგარეთიდან ფულის ჩარიცხვა, რადგან სამედიატორო ბანკები ევროპაშიც და ამერიკაშიც ბევრად დიდი საკომისიოს იღებენ, ვიდრე ეს ხდება "GoFundMe-ზე, სადაც თანხის შემომტანს შეუძლია თავისი საკომისიო საერთოდ გაანულოს.

თქვენ რა თქმა უნდა თავად გადაწყვეტთ, რა გზა გირჩევნიათ დახმარების – ეს საიტი, ჩემი პირადი ანგარიში თუ გზავნილი, მაგრამ თუ საიტზე ფულის დადებისგან მხოლოდ ეჭვების გამო იკავებთ თავს, ეს ეჭვები უსაფუძვლოა.
მე სამწუხაროდ, არ ვიცი რამდენი დრო მაქვს, შეიძლება, არც ისე ბევრი და ამიტომ ასეთ უდროო დროს, როცა წინასაახალწლო მზადებაა ყველგან, შეგაწუხეთ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს.

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც უკვე დაგვეხმარა ან მომავალში აპირებს, ყველას ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი პრობლემა და სწორად გაიგო, რამ მაიძულა ასეთი ნაბიჯი გადამედგა.
ბედნიერი ახალი წელი ყველას! 

P.S. სტატუსის პირველივე კომენტარებში, ვინც ბოლომდე არ იცის რაშია საქმე, ვდებ ამ საიტის ბმულს, ჩემს განცხადებას და ჩემს პირად ანგარიშს",- წერს სარიშვილი.

ტეგები