გირგვლიანის საქმეზე კონკრეტულ ბრალდებას თუ ჩამომიყალიბებენ, გადადგომის საკითხს განვიხილავ - ლევან მურუსიძე
ამობეჭდვა · 29 / 12 / 2018 17:17
გირგვლიანის საქმეზე კონკრეტულ ბრალდებას თუ ჩამომიყალიბებენ, გადადგომის საკითხს განვიხილავ - ლევან მურუსიძე

არასამთავრობოები გირგვლიანის საქმეზე კონკრეტულ ბრალდებას თუ ჩამომიყალიბებენ, გადადგომის საკითხს განვიხილავ, – ამის შესახებ მოსამართლედ უვადოდ განწესებულმა ლევან მურუსიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების დღევანდელი განცხადების პასუხად აღნიშნა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საუბრობენ, რომ გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე ვარ, რის გამოც არ ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ორი წელია, მოვუწოდებ, რომ საქმეზე კონკრეტული ბრალდება ჩამომიყალიბონ. ორი წელია, მათ ვეხვეწები, ვთავაზობ, რომ დაწერონ, რაში მდგომარეობს მურუსიძის ბრალეულობა მოცემულ საქმეზე. თუ ისინი ამას დამიდასტურებენ, შემდგომ განვიხილავ გადადგომის საკითხს. ლევან მურუსიძე ახლა რომ გადადგეს, არასერიოზულად მიმაჩნია“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე თქმით, ზოგადად, არასამთავრობოების ფუნქცია არ არის იმის თქმა, სასამართლო ხელისუფლებაში ვინ უნდა გადადგეს და ვინ არა.

„ვფიქრობ, სცდებიან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებს, არასამთავრობოებს თავიანთი ფუნქციები უნდა ქონდეთ, სასამართლოს ხელისუფლებას – თავისი. კეთილი ინებონ, დაასაბუთონ და გაწერონ ალტერნატიული გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილება შეეძლო მიეღო ლევან მურუსიძეს და ეს გადაწყვეტილება როგორ წაადგებოდა დაზარალებულ მხარეს. ყველა შეკითხვაზე მაქვს გაცემული პასუხი, პირდაპირ ეთერში ვპასუხობდი. გასაუბრებაზე იმასაც დააკვირდებოდით, რომ, როდესაც კითხვაზე ვცემდი პასუხს, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე იმწამსვე გაჩერდებოდნენ და სხვა კითხვაზე გადადიოდნენ. აქედანაც ჩანდა, რომ ჩემს პასუხზე არავითარი დასამატებელი და შესაკითხი არ ქონდათ.

თუ კიდევ რაიმე პრეტენზია აქვთ ამ საქმეზე ლევან მურუსიძის როლზე, მზად ვარ, წავიკითხო არასამთავრობოების მიერ ჩამოყალიბებული წერილობითი ბრალდება, რაზეც გავცემ ასევე დამაჯერებელ პასუხს, შეუძლებელია ამ საქმეში მურუსიძის დადანაშაულება“, – აცხადებს ლევან მურუსიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე – ლევან მურუსიძის უვადოდ განწესებასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელებაზე განცხადება გაავრცელეს. არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, არ აქვთ მორალური უფლება, იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შესაბამისად, მათ საკუთარი ინიციატივით უნდა დატოვონ საბჭოც და მოსამართლის თანამდებობაც. ამასთან, არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ მოსამართლის თანამდებობები უნდა დატოვონ ასევე გავლენიანი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წევრებმა, მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ.

ტეგები