უკრაინამ შავ ზღვაში კონტროლის ზონა გააფართოვა
ამობეჭდვა · 30 / 12 / 2018 11:52
 უკრაინამ შავ ზღვაში კონტროლის ზონა გააფართოვა

პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ შავ ზღვაში უკრაინის კონტროლის ზონა გააფართოვა. გადაწყვეტილების თანახმად, უკრაინის კონტროლის ზონა შავ ზღვაში ორჯერ გაიზარდა.

უკრაინის ხელისუფლებას უფლება ექნება შეამოწმოს ყველა ის ხომალდი, რომელიც უკრაინის ტერიტორიული წყლებიდან 24 საზღვაო მილის დაშორებით ჩაივლის. 

"ტერიტორიული წყლების სიახლოვეს მდებარე ზონა, საერთაშორისო ნორმების მიხედვით, არ წარმოადგენს არც იურისდიქციის და არც სუვერენიტეტის ზონას. ეს არის საზღვაო მონაკვეთი, რომელშიც შეზღუდული კონტროლის განხორციელება შესაძლებელია. ეს კანონი უზრუნველყოფს საბაჟო, ფისკალური, სანიტარული და მიგრაციული კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების აღმოფხვრას”, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს, უკრაინაში საზღვაო დოქტრინის ახალი რედაქცია მიიღეს. დოკუმენტი ძალაში 2035 წლამდე იქნება.

25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს, რასაც უკრაინის ლიდერმა აგრესიის აქტი უწოდა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საომარი ვითარება გამოაცხადა.
 

ტეგები