სოციალურად დაუცველები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ
ამობეჭდვა · 03 / 01 / 2019 19:23
სოციალურად დაუცველები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ხვალიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ანტივირუსულ მედიკამენტს, ოსელტამივირს (ტამიფლუ) უფასოდ მიიღებენ.

როგორც მინისტრმა განმარტა, ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს.

“გრიპით ავადობა გაზრდილია, მაგრამ რეალურად, პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ არ გვაქვს ეპიდემია, არამედ გვაქვს გაზრდილი ავადობა. თუკი აქამდე ჯანდაცვის სამინისტრო ტამიფლუს ორსულებისთვის გასცემდა, დღეიდან უკვე სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე დაიწყება გაცემა. მარაგები საკმარისია და დღეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება. სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, ყველა რაიონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მიმართონ, სადაც ამ მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ასევე, ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება. ხაზი მინდა გავუსვა ტამიფლუს დანიშვნის ჩვენებებს: როდესაც გაციების სიმპტომები მკვეთრად სწრაფად იზრდება და ადამიანს რამე სხვა დაავადებაც აქვს (თანდაყოლილი, ქრონიკული თუ სხვა). ასევე, მოხუცები, ორსულები და მელოგინეები რისკჯგუფში შედიან. ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს და მნიშვნელოვანია, რომ ის სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში დაინიშნოს. მას ასეთ შემთხვევაში აქვს მაქსიმალური ეფექტი”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და წარმოადგინონ ექიმის მიერ გაცემული დანიშნულება (ფორმა N100). 

ტეგები