H1N1-ის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2019 14:04
H1N1-ის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

საქართველოში H1N1-ის ვირუსით, იგივე  " ღორის გრიპით" გარდაცვლილთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა.  აქედან 4 ადამიანი აჭარაში დაიღუპა. ამის შესახებ "რუსთავი2" წერს.

დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ რვავე პაციენტს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რამაც ვირუსის გამწვავება გამოიწვია. გარდა ამისა, მათ სამედიცინო დაწესებულებებს დაგვიანებით მიმართეს. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ კლინიკებში ამჟამად მკურნალობას 130-მდე ადამიანი გადის და მათი უმეტესობა ბავშვია.

„ჰოსპიტალურ ქსელში მკურნალობა გადის 130-მდე პაციენტი, მათ შორის უმეტესობა არის ბავშვები. პაციენტთა ის კატეგორია, რომელსაც აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები მკურნალობას გადის რეანიმაციულ განყოფილებაში,“ - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსი 100 ათას ადამიანზე მხოლოდ 277 ადამიანს დაუდასტურდა, ეპიდემიის საფრთხე კი დგება მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა 500-მდე გაიზრდება.

„დღევანდელი მონაცემებით გვაქვს 8 ლაბორატორიულად დადასტურებული, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის შემთხვევა, სადაც დადასტურებულია, რომ ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ გრიპის ვირუსის არსებობა, ყველა შემთხვევაში იყო H1N1. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ გრიპის სეზონზე განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა იყვნენ ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, განსაკუთრებით დღეს ეს შტამი, რომელიც ცირკულირებს, ძალიან ვირულენტურია ორსული ქალბატონების მიმართ. ამიტომ აუცილებელია, რომ მათ მიმართონ თავის მეან გინეკოლოგს და ოჯახის ექიმს და იმოქმედონ მათი დანიშნულების მიხედვით,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ტეგები