ბიძინა ივანიშვილმა კანაფის კულტივაციის შესახებ საკითხი წამოჭრა და პროექტის გაწვევის გამო დეპუტატები გააკრიტიკა
ამობეჭდვა · 04 / 01 / 2019 15:12
ბიძინა ივანიშვილმა კანაფის კულტივაციის შესახებ საკითხი წამოჭრა და პროექტის გაწვევის გამო დეპუტატები გააკრიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გამო გუნდზე გაბრაზებულია, რასთან დაკავშირებითაც საკუთარი უკმაყოფილება პარტიის ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრაზეც გამოხატა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ფრაქციის გუშინდელ სხდომაზე წამოჭრა, სწორედ „კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი იყო. სააგენტოს ინფორმაციით, ივანიშვილმა დეპუტატების მიმართ უკმაყოფილება და მძაფრი რეაქცია გამოხატა იმის გამო, რომ პარლამენტმა აღნიშნული პროექტის მიღება ვერ შესძლო და მისი საკანონმდებლო ორგანოდან გაწვევის საჭიროება შეიქმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და ინიციატივის საზოგადოებამდე სწორად მისატანად მმართველ გუნდს უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინა. ამასთან, წყაროს ცნობით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ კანონპროექტის გაწვევის შედეგად ქვეყანამ „დიდი ფული“ დაკარგა.

რამდენად ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული საკითხის მმართველ გუნდთან შეხვედრაზე წამოჭრა იმას, რომ პარტიის თავმჯდომარემ შესაძლოა, დღის წესრიგში კანონპროექტის ხელახალი ინიცირების საკითხი დააყენოს, „ინტერპრესნიუსი“ ამ თემაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს ესაუბრა, რომლის კომიტეტიც “კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე წამყვანი კომიტეტი იყო.

“იყო შიდა საუბრები, რაც არა მგონია საჯარო იყოს. თუ საზოგადოებას აინტერესებს, ამ კანონპროექტის უკან შემოტანასთან დაკავშირებით არავითარი გეგმა არ არის - ამის შესაძლებლობა აღარ არის, იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო მიზნით კანაფის წარმოების გადაწყვეტილებას ყოველ დღე ახალი ქვეყანა იღებს. ის შესაძლებლობა, რაც მაშინ იყო, აღარ იქნება! საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებთან გზავნილი არასწორად მიგვაქვს. კანაფთან დაკავშირებული კანონპროექტი სწორედ ამის მაგალითად დასახელდა, რადგან ხალხმა იფიქრა, თითქოს ნარკოტიკების წარმოებას ვაპირებდით. ეს იყო საბაბი, რატომაც წამოიწია ეს თემა. თავის დროზე, როცა პარლამენტში კანონპროექტი შემოვიდა, იყო დასაბუთება, თუ რა სარგებლის მოტანა შეეძლო. დღეს ამ სარგებელს ვეღარ მოიტანს - გუშინდელ შეხვედრაზე ამ ფაქტის კონსტატაცია იყო“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ აკაკი ზოიძემ.

საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საექსპორტო მიზნებისთვის ქვეყანაში კანაფის კულტივაციის დაწყებას ითვალისწინებდა, მთავრობამ პარლამენტიდან ოქტომბრის ბოლოს გაიწვია. პროექტის გაწვევას წინ უძღვოდა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას საქართველოს კათოლიკოსს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა. აღსანიშნავია ისიც, რომ “კანაფის კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის გაწვევა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნებიდენ მალევე მოხდა.
 

ტეგები