დღეს თბილისში საშობაო ალილო გაიმართება
ამობეჭდვა · 07 / 01 / 2019 10:23
დღეს თბილისში საშობაო ალილო გაიმართება

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს თბილისში ტრადიციული ალილო გაიმართება.

მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც თავს მოიყრის მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათი, რომელიც მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გაიგზავნება.

მსვლელობის მონაწილეები 14:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გაივლიან რუსთაველის გამზირს, პუშკინის ქუჩას, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს, მესხიშვილის, გონაშვილისა და სამრეკლოს ქუჩებს, სადაც ავტომანქანების მოძრაობა აკრძალული იქნება.

ალილოს მონაწილეები გზაზე ძღვენს შეაგროვებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებებიან.

საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობაც შეიზღუდება.კერძოდ, გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: 11:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

თბილისის გარდა, ალილო საქართველოს რეგიონებშიც მოეწყობა.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა ბოლო რამდენიმე წელია, აღდგა.

ტეგები