თბილისში "ალილოს" მსვლელობა მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 07 / 01 / 2019 15:42
თბილისში "ალილოს" მსვლელობა მიმდინარეობს

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისში ტრადიციული ,,ალილო" მიმდინარეობს. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძართან დასრულდება.

ალილოში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. 14:00 საათიდან მსვლელობის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან გაივლიან რუსთაველის გამზირს, პუშკინის ქუჩას, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს, მესხიშვილის, გონაშვილისა და სამრეკლოს ქუჩებს, სადაც ავტომანქანების მოძრაობა აკრძალული იქნება.

ალილოს მონაწილეები გზაზე ძღვენს შეაგროვებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს პარლამენტის სასახლის წინ შეეგებებიან.

მსვლელობა სამების ტაძართან დასრულდება, სადაც თავს მოიყრის მთელი დღის განმავლობაში შეგროვებული ნობათი, რომელიც მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გაიგზავნება.

ალილოს ტრადიცია საქართველოში სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს.

ტეგები