„ტამიფლუ“ აფთიაქებში ყოველგვარი მოგების გარეშე იყიდება“ - რას აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში
ამობეჭდვა · 10 / 01 / 2019 16:40
„ტამიფლუ“ აფთიაქებში ყოველგვარი მოგების გარეშე იყიდება“ - რას აცხადებენ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წევრი იურიდიული პირები პრეპარატ „ტამიფლუს“ მწარმოებლისგან იძენენ 67,26 ლარად, ხოლო ქსელებში მისი გასაყიდი ფასი არის 68 ლარი და იყიდება ყოველგვარი მოგებების გარეშე,- ამის შესახებ ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, „აპელირება იმაზე, რომ ფარმაცევტული კომპანიები აღნიშნულ მედიკამენტზე ზემოგებებს იღებენ, მიზანმიმართულად მომზადებული „შავი პიარია“, შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა და ემსახურება მხოლოდ უარყოფითი განწყობის შექმნას.“

ასოციაციაში აცხადებენ, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ბოროტად გამოიყენონ შექმნილი გარემოება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით შელახონ ფარმაცევტული კომპანიების რეპუტაცია, თითქოსდა აფთიაქები „ტამიფლუს“ რეალიზაციით ზემოგებას იღებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ასოციაცია ასევე აღნიშნავს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი დღესდღეობით არ ფიქსირდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე დღესდღეობით არ ფიქსირდება გრიპის და გაციების მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლებელია იყოს მხოლოდ ლოკალური ხასიათის შეფერხება კონკრეტულ ობიექტზე/აფთიაქში, რომლის მარაგებიც სისტემატურად ივსება, ხოლო რაც შეეხება პრეპარატ „ტამიფლუს“, მისი მარაგი საკმარისად არის ბაზარზე და პერიოდულად ხდება შევსება.

ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამარაგა სააფთიაქო და საავადმყოფოების ქსელი აღნიშნული მედიკამენტით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყანაში გაზრდილი მოთხოვნისა და თითოეული მომხმარებლის დაკმაყოფილება“, – ნათქვამია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტეგები