ეკა ბესელია - არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დავარღვიე
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 12:49
ეკა ბესელია - არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დავარღვიე

არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას გუნდის შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის ადვოკატის ეთიკაც, არასოდეს არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც მე ვიცავდი, მათ შორის მე ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც როგორც ადვოკატი. არ მიმაჩნია, რომ ღია და საჯარო დებატები თუ ღია კონფლიქტები და დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ფორმა ან ის მაღალი პოლიტიკური კულტურა, ან ის ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსს ან პოლიტიკურ პროცესს რამეს შემატებს. არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც როდესაც ეს პოზიცია მქონდა, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კონკრეტულ ნაწილში, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას და კანონში ცვლილებებს ეხება, მიღწეულია.

„არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რომელიც ეხება კონკრეტულ გარემოებას თუ შეფასებას ჩემთან დაკავშირებით, ის არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის, რაც მე ვთქვი. არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა, როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე და ის იყო არჩეული პირველ მოადგილედ. ეს იყო ბევრად უფრო ადრე შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც. კომიტეტის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე საუბარი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. განსხვავებულ პოზიციაზე დავრჩით, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატრვაა დაასახელოს პირველი მოადგილე. თავის დროზე, როდესაც ზარდიაშვილი დასახელდა პირველ მოადგილედ, მაშინ გუნდთან კონსულტაციები არ გავლილა და ჩემი მოსაზრება მაშინ არ უკითხავთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში აპირებს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეხვდეს.
წყარო: 1tv.ge
 

ტეგები