ეკა ბესელია - არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მოწინააღმდეგეა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 13:32
ეკა ბესელია - არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მოწინააღმდეგეა

მე შემიძლია საკუთარ თავს ვუჩვენო ყვითელიც და წითელი ბარათიც და ვეცდები ეს არ გავაკეთო, - ასე უპასუხა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ჟურნალისტების კითხვას, მიაჩნია თუ არა მას, რომ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მას „ყვითელი ბარათი“ უჩვენა. ამის შესახებ "ნტერპრესნიუსი" წერს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ივანიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემს, თუმცა, თავის ფუნდამენტურ, მორალურ, ფასეულობებთან შეხებისას არავის წყენას არ მოერიდება.

„ჩემს პირად ემოციებზე მაღლა ყოველთვის იდგა და დგას სახელმწიფოებრივი ინტერესი. ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩემთვის უცხო ადამიანი და ვერ იქნება ვერასოდეს უცხო. მასთან ერთად 7 წელია ფეხდაფეხ მოვდივარ და მოვდივარ 10 ოქტომბრიდან. ყველაფერი გამოვიარეთ ერთად და რა თქმა უნდა, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის საკითხები, რომელიც ჩემთვის ფუნდამენტურია, პრინციპულია, ჩემს მორალურ ფასეულობებს ეხება, აქ ვერავის წყენას ვერ მოვერიდები. მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობა არის ვემსახურო ამ ქვეყანას. მე არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩემი მოწინააღმდეგეა. მგონია, რომ ეს არის დროებითი მოცემულობა და ამ ერთი განცხადებით პროცესს ნუ შევაფასებთ.

მხოლოდ მე შემიძლია საკუთარ თავს ვუჩვენო ყვითელიც და წითელი ბარათიც და ვეცდები ეს არ გავაკეთო. უმრავლესობიდან წასვლა-არწასვლას მე გადავწყვეტ. მე ვთქვი, რომ დავრჩები უმრავლესობაში და გავაგრძელებ საქმიანობას, მაგრამ თუ ეს უმრავლესობა ამ სიას სახეშეცვლილს, მაგრამ იგივე ვერსიით განიხილავს, მხარს დაუჭერს იგივე მოსამართლეებს, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს, ჩემს ადგილს უმრავლესობაში ვერ დავინახავ“, - განაცხადა ბესელიამ.

ტეგები