დავით ჭიჭინაძე პატრიოტთა ალიანსის ფრაქციას ტოვებს
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 15:28
დავით ჭიჭინაძე პატრიოტთა ალიანსის ფრაქციას ტოვებს

დავით ჭიჭინაძე "პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქციას ტოვებს. დეპუტატის განმარტებით, შესაბამის განცხადებას საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე ოფიციალურად გააკეთებს. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ჭიჭინაძის განმარტებით, "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციაში იმიტომ გაწევრიანდა, რომ სურდა "ბოკერია-სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივად გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა გასულიყო". ამ დროისთვის საკითხი განხილულია და როგორც ჭიჭინაძე ამბობს, "პატრიოტების" ფრაქციაში მისია დაასრულა.

დაიშლება თუ არა მისი წასვლის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქცია, ჭიჭინაძეს თქმა უჭირს. მისი განმარტებით, "ქართულ ოცნებაში" ამ პარტიას ბევრი იდეოლოგიური მხარდამჭერი ჰყავს და სავარაუდოდ, გამოიძებნება ერთი დეპუტატი, ვინც ფრაქციაში შევა და ფრაქციის შენარჩუნებას შეძლებს.

კითხვაზე - იგეგმება თუ არა, რომ ბესელიას თანამოაზრეებმა დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნან, ჭიჭინაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ეკა ბესელიაც და მისი თანამოაზრეებიც უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან და არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

თავად ჭიჭინაძე კი საგაზაფხულო სესიიდან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

დავით ჭიჭინაძე "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციას 8 ოქტომბერს შეუერთდა. მან ამ ადგილზე ნატო ჩხეიძე შეცვალა, რომელიც ფრაქციიდან 17 სექტემბერს წავიდა. ჭიჭინაძე მმართველი პარტიიდან 18 ივლისს გარიცხეს, მმართველი გუნდი კი 11 სექტემბერს დატოვა.

უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ მაშინ თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება არჩილ თალაკვაძემ და თამარ ჩუგოშვილმა მიიღეს.

უმრავლესობის წევრების განცხადებით, დავით ჭიჭინაძემ არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. ამასთან, პარლამენტარმა რამდენიმე კრიტიკული განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართ.

"პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციიდან ჭიჭინაძის წასვლით, ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგება. პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად 6 დეპუტატია საჭირო, ჭიჭინაძის გამოკლებით კი 5-ნი დარჩებიან. 

ტეგები