მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თანამშრომლებისათვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 17:43
მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თანამშრომლებისათვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

14 იანვარს პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით პირველად პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში დაიწყო ორკვირიანი სტაჟირების პროგრამა საქართველოს მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების თანამშრომლებისთვის.

პირველ ეტაპზე, საქართველოს პარლამენტის 19 სტრუქტურულ ერთეულში ბიუროების 57 თანამშრომელი გაივლის სტაჟირებას − 36 აღმოსავლეთი, ხოლო 21 − დასავლეთი საქართველოდან. სტაჟირების მიზანია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების გაძლიერება და თანამშრომლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება.

აღნიშნული სტაჟირების ინიცირება მოხდა პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის მიერ 2018 წლის ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობისა და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროების უფროსების შეხვედრისას.

ამავე ინიციატივის ფარგლებში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით დაგეგმილია 3-დღიანი ტრენინგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყველა მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომლებისათვის სახელმწიფო შესყიდვების, საქმისწარმოების, საფინანსო თემატიკისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის შესახებ. 2018 წლის ნოემბრ-დეკემბერში ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ აჭარის, გურიის, სამეგრელოს, რაჭისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თანამშრომლებს. აღნიშნული ტრენინგები მომავალი თვეების განმავლობაში კვლავ გაგრძელდება და ყველა მაჟორიტარის ბიუროს მოიცავს.

პარალელურად, ბიუროების თანამშრომლებისათვის დაწყებულია დისტანციური სწავლების პროგრამაზე მუშაობა, რომელიც 2019 წლის ბოლომდე დაინერგება.

მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების თანამშრომლების ორკვირიანი სტაჟირების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის მაისში დაიწყება.

ტეგები