ეკა ბესელია კრისტიან ურსეს შეხვდა
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 19:01
ეკა ბესელია კრისტიან ურსეს შეხვდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების პროცედურას და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამზადებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობას დაეთმო პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას და საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს შეხვედრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა სასამართლო რეფორმის მეოთხე ეტაპის სამუშაო ჯგუფში აქტიურად არის ჩართული და სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

„კრისტიან ურსეს ბოლოდროინდელ მოვლენებზე და იმ პროცესებზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების წესს და პროცედურას უკავშირდება, ასევე იმ შესაძლო ცვლილებებზე, რომელიც კანონში შესატანად უნდა მომზადდეს, ჩემი პოზიცია გავაცანი. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს პერიოდში, ჩემი ინიციატივით 2017 წელს რეფორმის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იგეგმება, სადაც ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლობასთან ერთად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც არის წარმოდგენილნი. ამ შეხვედრისთვის მნიშვნელოვანი იქნება გარკვეული ცვლილებების მონახაზი გვქონდეს, რათა დაიწყოს განხილვა თუ როგორი წესით უნდა მოხდეს ახალი კანდიდატების წარმოდგენა იუსტიციის საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
 

ტეგები