პატიმრის გარდაცვალება - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 14 / 01 / 2019 20:07
პატიმრის გარდაცვალება - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ბიძინა ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, ბიძინა ცხადაძე N14 დაწესებულებაში 2017 წლის 13 მაისს მოათავსეს.

„დაწესებულებაში მოთავსების დღიდან მსჯავრდებული სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი. სასჯელის მოხდის პერიოდში ბიძინა ცხადაძე კონსულტირებულია ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ფსიქიატრი. ოფთალმოლოგი, პირველადი ჯანდაცვის ექიმი) მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი – არტერიული ჰიპერტენზია.

მოცემული დიაგნოზიდან გამომდინარე, მას მკურნალობა უტარდებოდა კარდიოლოგის და პირველადი ჯანდაცვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შემდეგი მედიკამენტებით: ტენოქსი 5მგ. კარდიოასპირინი 300 მგ, ალოხოლი, ნოლპაზა. 13 იანვარს, დაახლოებით 17:50 საათზე მსჯავრდებულს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, 200/100, რის გამოც ადგილზე გამოძახებული იქნა სამედიცინო პერსონალი და გაეწია მედიკამენტოზური მკურნალობა. დაახლოებით 18:15 საათზე მსჯავრდებულს კვლავ გაეწია ექიმის კონსულტაცია, დაუდგინდა წნევა 120/80“, – აღნიშნავენ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების ცნობით, ვინაიდან მსჯავრდებული უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში, ის მოთავსდა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, ხოლო 18:23 საათზე პენიტენციური დაწესებულების ექიმებმა პაციენტის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

„18:27 საათზე დაწესებულების ადმინისტრაცია დაუკავშირდა 112-ს. 19:20 საათზე მსჯავრდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს პენიტენციური დაწესებულებიდან (წნევა იყო 100/60), თუმცა იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ტეგები