ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2019 11:04
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში სენატის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო.

ირაკლი კობახიძემ და ჟერარ ლარშემ ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და საქართველოსა და საფრანგეთს შორის დინამიური და აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ყურადღება გამახვილდა მეგობრობის ჯგუფების მჭიდრო კავშირებისა და ხშირი გაცვლითი ვიზიტების, ასევე, მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მხარეებმა იმსჯელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საუბარი ასევე შეეხო დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატსა და მის მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის.

„ შევეხეთ თანამშრომლობის როგორც პოლიტიკურ, ასევე, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. ასევე, ვისაუბრეთ დიმიტრი ამილახვარის სახელობის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, რომელიც დაიწყება და რომელიც ახალ იმპულსს შესძენს ორმხრივ ურთიერთობებს საფრანგეთსა და საქართველოს შორის. ვისაუბრეთ, ასევე, პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საფრანგეთის სენატის პრეზიდენტის თქმით, ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესი და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი განიხილეს.

„პირველ რიგში, ხაზი გავუსვით იმ ინტენსივობას, რომელიც ჩვენს ურთიერთობებს ახასიათებს და ასევე, ჩემს კოლეგასთან ერთად, აღვნიშნეთ, რომ ორივემ, ჩვენი ძალისხმევით, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ეს ურთიერთობა უფრო ინტენსიური და ღრმა გახდეს. ასევე ვისაუბრეთ ორი სენატორის ახლახან დასრულებულ მოხსენებაზე, სადაც აღნიშნულია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში.

ვისაუბრეთ იმ კომპლექსურ და ძალიან რთულ ურთიერთობაზე, რომელიც რეგიონშია. ერთის მხრივ, ევროპული ინტეგრაციისადმი ოპტიმიზმით და იმედით გამსჭვალული საქართველოს მოსახლეობა და ასევე, ვისაუბრეთ იმ სირთულეებზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებობს. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული დღევანდელი სიტუაცია, ფაქტობრივად, ფონად გასდევს ამ ოპტიმისტურად განწყობილი მოსახლეობის სვლას ევროპისკენ. ასევე, საუბარი შეეხო იმ ძალიან პოზიტიურ შედეგებს, რომელიც, შეიძლება, ხელისუფლების მიერ წარმოებულ პრაგმატულ პოლიტიკას მოჰყვეს. ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ უდიდეს პოტენციალზე, მის განვითარებაზე. ამ სფეროს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან კარგად ვაცნობიერებთ თქვენი ქვეყნისა და მისი ისტორიის მნიშვნელობას. რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს ისტორიის სიძველეზე და სიმდიდრეზე, თქვენი ქვეყნის პირველი რესპუბლიკის მთავრობა პარიზიდან სულ ახლოს ცხოვრობდა. ეს ისტორიული ფაქტორიც ასევე, ჩვენს ურთიერთობებში უნდა გამოვიყენოთ ძალიან პოზიტიურად, მათ შორის, ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც“,- განაცხადა ჟერარ ლარშემ.

შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავა, გიორგი კახიანი, დავით სონღულაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

ტეგები