ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს
ამობეჭდვა · 15 / 01 / 2019 19:56
ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს

პარლამენტის წევრი, ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის და კანონში შესაბამისი ცვლილებების მომზადების მიზნით, დაინტერესებულ წრეებთან შეხვედრებს აგრძელებს. სწორედ აღნიშნული საკითხების განხილვას დაეთმო ეკა ბესელიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების შეხვედრა. როგორც შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა აღნიშნა, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ წარმოდგენილნი იყვნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებად და სასამართლო სისტემაში ადვოკატთა გაერთიანებებიდან მოვიდნენ.

„ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც არის ყველაზე დიდი პროფესიული გაერთიანება, ერთ-ერთი ძლიერი მოკავშირეა სასამართლო რეფორმის და თანამოაზრეა, ისეთ საკითხებში, როგორიცაა დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს ისე, რომ ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებსაც შეეძლოთ ამ კონკურსში მონაწილეობა და კანდიდატების დასახელება. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ადვოკატთა ასოციაცია, რომელთანაც ყველაზე ბუნებრივი ბმა მაქვს ჩემი წარსული პროფესიიდან გამომდინარე, უნდა იყოს ძლიერი მოკავშირე ჩვენი საერთო მიზნისკენ ბრძოლაში და საერთო მიზანი არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, სამართლიანი მართლმსაჯულება, რომელიც თითოეული ადვოკატისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიმართვასაც გამოეხმაურა და იგი „მძიმე განცხადებად“ შეაფასა.

„მან თავისი მიმართვით შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის წევრებს და ადვოკატთა ასოციაციას, რომელიც ძალიან ცუდად მოიხსენია და ეს იყო სრულიად მიუღებელი ფორმა, რაზეც საჭიროა ძალიან მკაცრი პასუხი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრები გედევან ფოფხაძე და დავით ჭიჭინაძე დაესწრნენ.
 

ტეგები