ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2019 15:43
ზურაბ დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ქართველი ფალავანი საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს განვითარებულ მოვლენებს ეხება:

„გამარჯობა, მეგობრებო. პირველ რიგში მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადაგიხადოთ როგორც ზოგადად, ასევე ბოლო დღეებში გამოჩენილი თანადგომისთვის. ჩემთვის თქვენი დამოკიდებულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თქვენი წერილი და გამამხნევებელი სიტყვა მაძლიერებს და ვხვდები, რომ არ მაქვს უფლება იმედი გაგიცრუოთ, ან სიტუაციაში არ გაგარკვიოთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის სახელოვან სპორტსმენებს, ჩვენს ვეტერან მოჭიდავეებს, რომლებიც ჩემ გვერდით არიან და მიცხადებენ მხარდაჭერას. 

ჭიდაობის გულშემატკივარმა გაიგო იმ სამწუხარო ფაქტის შესახებ, რაც საქართველოს ჩემპიონატზე 11 იანვარს მოხდა და რომელსაც ჰყავს უამრავი თვითმხილველი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, ჩემსა და ჩემ უახლოეს მეგობარ, რობერტ კობლიაშვილს შორის მიმდინარე ფინალში ორი მსაჯის მიერ ჩემ სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მესამემ დაბლოკა, რასაც ჩემი მხრიდან მოყვა პროტესტი. მესმის, რომ გულშემატკივრისთვის და ტელემაყურებლისთვის შესაძლოა, რთული აღსაქმელი იყოს ჩემგან ეს ქმედება, თუმცა როდესაც ხდები არასამართლიანი გადაწყვეტილების მსხვერპლი და შენს წლების ნაშრომს პირადი მოტივების გამო გიყრიან წყალში, დამეთანხმებით, რთულია თავის შეკავება. აქვე მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ჩემი პროტესტი არ იყო მიმართული რობერტ კობლიაშვილის მიმართ და მომხდარს ჩვენს მეგობრობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. კითხვები გამიჩნდა ზემოთ ნახსენებ მსაჯთან. ამის შემდეგ ჩვენს საუბარში ჩაერივნენ ფედერაციის ხელმძღვანელი პირები, ხოლო ადამიანები, რომლებსაც არანაირი შეხება არა აქვთ ჭიდაობის ოჯახთან, თუმცა არიან ხელმძღვანელობასთან დაახლოებულნი, ჩემს ძმას, რომელიც იმ მომენტში ჩემი სეკუნდანტიც იყო ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ, უკვე თავად ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ჩაერია ჩხუბში და თავში ორჯერ ჩამარტყა რკინის ბლაგვი საგანი. მინდა აღვნიშნო, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა გულშემატკივარს შორის. ჩემსა და კობლიაშვილის გულშემატკივარს გასაყოფი არაფერი ჰქონდათ, უფრო მეტიც ბევრი საერთო გულშემატკივარიც კი გვყავს. ის გულშემატკივარი, რომელიც დაპირისპირებაში ჩაერია ასრულებდა გამშველებლის ფუნქციას და ცდილობდა, მე და ჩემი ძმა დავეხსენით იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც ფედერაციას სწორედ მათთვის არასასურველ პირებთან მსგავსი მეთოდებით ანგარიშსწორებისთვის ჰყავს. 

ჭიდაობის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ ჩემსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის აზრთა შეუთანხმებლობა აქამდეც არსებობდა და გარკვეული ტიპის კონფლიქტს ადგილი ზაფხულშიც ჰქონდა. მომხდარის მიზეზი გახდა ის არასამართლიანი გადაწყვეტილებები, რასაც სამწვრთნელო შტაბი იღებდა და რაზეც მე ჩემს პოზიციას შეკრებებსა და შიდა განხილვებში ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი. საქმე ეხება სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების მიერ პირადი მოწაფეების ყოლას. კერძოდ, სპორტსმენებს ხდიან იძულებულს შეიცვალონ პირადი მწვრთნელი, ან ჩაწერონ მეორე მწვრთნელად ფედერაციაში მომუშავე რომელიმე ტრენერი, რითაც შემდეგ პრემიალური თანხების წილში უჯდებიან მოჭიდავეების აღმზრდელ მწვრთნელებს. ასევე, აღმზრდელი მწვრთნელები საკუთარ მოსწავლეებს თავადვე უგზავნიან ფედერაციის სამწვრთნელო შტაბს, რაც არის ჭიდაობისთვის დამღუპველი გარემოება.

აღნიშნული ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ფედერაციის პრეზიდენტის ძმა, ვლადიმერ გეგეშიძე, რომელიც ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კონსულტანტად არის გაფორმებული პირდაპირ ეუბნება სპორტსმენებს, რომ თუკი ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ ისინი საქართველოს ჩემპიონატზე ვერ მოიგებენ ვერც ერთ შეხვედრას და შესაბამისად, ვერ მოხვდებიან ვერანაირ საერთაშორისო ტურნირზე. ჩემმა გულშემატკივარმა კარგად იცის, რომ მე თავად ეროვნულ ნაკრებში ყოფნის დღიდან საქართველოს არც ერთი ჩემპიონატი არ მაქვს გამოტოვებული და არასდროს მქონია ამბიცია და მოთხოვნა ჩემი ტიტულების გამო ვყოფილიყავი წონის უპირობო პირველი ნომერი. მიმაჩნია, რომ ყოველწლიურად სწორედ შიდა ჩემპიონატზე უნდა ყოფილიყო ჯანსაღი კონკურენცია და ყველას გვქონოდა თანაბარი შანსი. თუმცა ბოლო პერიოდში, ზემოთ ნახსენები დამკვიდრებული პრაქტიკის გამო, ფედერაცია სპორტსმენებს გვართმევს შესაძლებლობას ხალიჩაზე სამართლიან დაპირისპირებაში გამოვავლინოთ საუკეთესო. გასულ ზაფხულსაც ჩემი სამწვრთნელო შტაბთან დაპირისპირების მიზეზი გახდა სწორედ მათი არასამართლიანი გადაწყვეტილება, კერძოდ სულ სხვა წონაში ცდილობდნენ დაეჩაგრათ ის, ვინც არსებული წესით იმსახურებდა მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლას და მის მაგივრად ჩაესვათ საკუთარი მოსწავლე. მწვრთნელების გაღიზიანება გამოიწვია ჩემ მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ არ მომხდარიყო სპორტსმენების ამ ნიშნით არჩევა და ზოგადად ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ უნდა ჰყოლოდა პირადი მოწაფეები, რადგან ეს ბუნებრივად ტოვებდა არასამართლიანი დამოკიდებულების განცდას სპორტსმენებში.

მინდა, ნაკრების წევრებს, რომლებიც გასულ ზაფხულსაც და ახლაც დამიდგნენ გვერდში და მიცხადებდნენ მხარდაჭერას მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ ის სიტუაცია, რაც დღეს ფედერაციაშია არ მოსწონს არავის და მინდა ყველას ვთხოვო, არ შეეშინდეთ ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის.

ასევე მინდა მივმართო იმ მწვრთნელებს, რომლებსაც ართმევენ თავიანთ გაზრდილ მოსწავლეებს და სხვა მხრივაც ბევრი კუთხით ავიწროებენ, ისაუბრონ ამ თემაზე. 

მინდა მივმართო ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს ჭიდაობის ფედერაციიდან და მათ ნაცვლად დაასაქმეს გაურკვეველი ხალხი, რომლებსაც არანაირი შეხება არ აქვთ ჭიდაობის სამყაროსთან, ისაუბრონ ამ თემაზე ღიად. 

მინდა აღვნიშნო, რომ ნახსენები პრობლემები არის მხოლოდ იმ უსამართლობების ზედაპირი, რაც ფედერაციაში ხდება. სიღრმეებში ჩასვლისა და საჯაროდ ყველა დეტალის განხილვისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა მინდა ზემდგომ ორგანოებს – სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის დეპარტამენტს ვთხოვო, დაინტერესდნენ ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებით და გაერკვნენ სიტუაციაში დეტალურად, რადგან ბევრი მოჭიდავისა თუ დამსახურებული მწვრთნელისთვის აუტანელია ის გარემოებები, რაც ხდება. მინდა, ცალსახად გავუსვა ხაზი, რომ ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი და არასდროს არანაირ პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილება არ მიმიღია, ჩემი საქმიანობა ყოველთვის შემოიფარგლებოდა სპორტითა, ვარჯიშით და ამჯერადაც, ერთადერთ სურვილსა და მიზანს წარმოადგენს ის, რომ ფედერაციას ჰყავდეს ისეთი ხელმძღვანელობა, როგორსაც იმსახურებს ჭიდაობა და რომელიც შეგვიქმნის ჯანსაღ გარემოს სპორტსმენებს. 

მიმაჩნია, რომ ამდენი დუმილი მიგვიყვანს კიდევ უფრო უარეს შედეგებამდე და მივიღებთ იმაზე უფრო წარმოუდგენელ სიტუაციებს, რაც მოხდა 11 იანვარს, ქვეყნის მთავარ სპორტულ დარბაზში. როგორც იქ მყოფმა უამრავმა ადამიანმა დაინახა ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე დაუფარავად ძალადობრივი მეთოდებით უსწორდება მისთვის არასასურველ პერსონებს, ასეთი კი ნებისმიერ დროს ნებისმიერი სპორტსმენი თუ მწვრთნელი შეიძლება გახდეს.

მინდა ყველას, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, გულშემატკივარს, ფედერაციის ზემდგომ ორგანოებს მოვუწოდო დავდგეთ ერთად და ჭიდაობის სამყაროში დავასრულოთ ის განუკითხაობა, რაც სუფევს. ახლა კვლავ დუმილი არის დამღუპველი, ახლა გაჩუმებით ფაქტობრივად იმ მეთოდებზეც მწვანეს ვუნთებთ, რაც ჩემ მიმართ ამდენი გულშემატკივრის თვალწინ უკვე გამოიყენეს. აქამდე მიგვიყვანა სწორედ ამდენმა დუმილმა და ერთმანეთის ლოდინმა, რომ საჯაროდ ვინმე სხვა იტყვის, რომ ჩვენს პრობლემებზე ვინმე სხვა ისაუბრებს. ჩვენი სათქმელი უნდა ვთქვათ ჩვენ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ ჩვენ. პრობლემებზე საუბარი არაა სირცხვილი. სირცხვილი არის უსამართლობასთან შეგუება. დღეს გაჩუმება ნიშნავს ამ კლანური მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რამაც შესაძლოა სავალალო და გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. 

ჭიდაობის მთელ ოჯახს მოვუწდებ, დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დატოვოს თანამდებობა, რათა ჭიდაობა დაუბრუნდეს ისევ ჩვენს სამყაროს და გათავისუფლდეს იმ გაურკვეველი ჯგუფისგან, რომელიც დიქტატურული მეთოდებით მართავს მას.“ – აცხადებს დათუნაშვილი.