რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში განიხილა
ამობეჭდვა · 16 / 01 / 2019 18:32
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში განიხილა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გეგმის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში განიხილეს.

სახალხო დამცველის ანგარიში ძირითადად რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას დაეთმო. შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე მოწვეული იყვნენ რეგიონების ხელმძღვანელები, მერები, საკრებულოების ხელმძღვანელები.

ნინო ლომჯარიამ ისაუბრა სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე. მისი განცხადებით, ნამდვილად მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ანგარიშის განხილვა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ხდება.

„აქამდე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით თვითმმართველობების მიმართ განხორციელებულ რეკომენდაციებზე, თვითმმართველობის სახით პასუხს გვცემდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ უშუალოდ თვითმმართველობებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ასევე მათგან მივიღოთ პასუხები, თუ რა ეტაპზეა აღნიშნული რეკომენდაციების შესრულება. ანგარიშში თვითმმართველობების მიმართ გაცემული იყო 20 რეკომენდაცია, ხოლო 7 იყო თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ გაცემული“, - განაცხადა სახალხო დამცველმა და თავის გამოსვლაში ძირითადი ყურადღება რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის კუთხით სისტემურ ხარვეზებზე გაამახვილა, ისაუბრა ამ მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებზე და მათი შესრულების მდგომარეობაზე.

მისი თქმით, ეს რეკომენდაციები ძირითადად შეეხებოდა სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს, მათ შორის: უფლებას სათანადო კვებაზე, სათანადო საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას, შშმ პირთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას, გენდერული თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციულ საკითხებს, ასევე ქალთა უფლებების დაცვას, გარემოს დაცვას, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, ასევე, სკოლებსა და ბაღებში არსებულ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას და სანიტარულ პირობებს, რაზეც პასუხისმგებლობა, ნინო ლომჯარიას განცხადებით, განათლების სამინისტროსთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობებს ეკისრება.

სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ კომიტეტის წევრთა კითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ოფისი მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ერთნაირად იყოს დაცული ყველა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში. მისივე თქმით, არის საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტას საჭიროებს და ამ კუთხით პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, ცალკეული საკითხების მიმართ მართლაც საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ამ მიმართულებით აუცილებელი იქნება თანამშრომლობის გაგრძელება.

„მსურს შემოგთავაზოთ თანამშრომლობა ფორმატში, რომელიც ჩვენ გვაქვს - ესაა სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი. ამ ფორმატშიც ვრცლად განვიხილოთ ეს საკითხები, სადაც ყველა მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სახელმწიფო ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ესწრება“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიში ცნობად მიიღო.

სხდომაზე ასევე მოისმინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში საქართველოს, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა. მისი თქმით, უკვე დამტკიცებულია 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა და კომიტეტის წევრებს ამ პროგრამის მიხედვით დაგეგმილ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ამავე სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის საკითხი განიხილეს. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ კვოტით წარმოდგენილ ემზარ კვიციანის კანდიდატურას.
 

ტეგები