საცხოვრებელი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა ექსპლუატაციაში არ იყო შესული - გამგეობის წარმომადგენელი
ამობეჭდვა · 17 / 01 / 2019 12:44
საცხოვრებელი კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა ექსპლუატაციაში არ იყო შესული - გამგეობის წარმომადგენელი

აფეთქება დიდ დიღომში - დაზიანებული კორპუსი სრულად ევაკუირებულია. მოსახლეობის ბინებში შესვლას სპეციალისტების დასკვნის შემდეგ შეძლებენ.

ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლის თქმით, კორპუსი ექსპლუატაციაში შესული არ იყო, თუმცა ბინებში მოქალაქეები მაინც ცხოვრობდნენ. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

„ჩემი ინფორმაციით, ექსპლუატაციაში, არ იყო შესული. თუმცა, ამას მერიის შესაბამისი სამსახური ზუსტად გეტყვით,“ - განაცხადა ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელმა.

კორპუსის მდგრადობას ამ დროისთვის სპეციალისტები იკვლევენ და არ არის გამორიცხული, რომ დასკვნა დღესვე გაკეთდეს.

ძლიერი აფეთქება დიდ დიღომში გუშინ მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები. მისვლის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სადარბაზო, თუმცა, არანაირი ზომები არ მიუღიათ.

"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლის გამოკითხვა დიდი დიღმის პოლიციაში მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.