ავთანდილ კასრაძე ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა
ამობეჭდვა · 17 / 01 / 2019 13:42
ავთანდილ კასრაძე ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს - ავთანდილ კასრაძე  სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. მოვალეობის შესრულებას ის 16 იანვრიდან შეუდგა. 

ავთანდილ კასრაძე ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქციას ასრულებდა, სააგენტოში კი მისი დაარსების დღიდან მუშაობს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. სააგენტოში მის სახელს უკავშირდება მთელი რიგი სამართლებრივი რეფორმები ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით, სტარტაპების ფინანსებთან წვდომის მექანიზმების დანერგვის მიმართულებით და ა.შ. 

კასრაძეს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი. მაგისტრატურაზე სწავლა კი შვედეთში კერძოდ ლუნდის უნივერსიტეტში განაგრძო ადამიანის უფლების საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. სხვადასხვა წლებში ის მუშაობდა ვენეციის კომისიაში, ეუთოს (OSCE/ODIHR) მისიაში, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში, იუსტიციის სამინისტროში და საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.