პარლამენტის წევრთა ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 17 / 01 / 2019 16:02
პარლამენტის წევრთა ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესისა და კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით, პარლამენტში, სხვადასხვა დაინტერესებულ წრეებთან, შეხვედრები გრძელდება.

პარლამენტის წევრებმა ეკა ბესელიამ, ლევან კობერიძემ, დავით ჭიჭინაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და რუსლან პოღოსიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პრინციპებზე მსჯელობა გამართეს და კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საკითხებზე ისმჯელეს. დახურული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარები გაკეთდა და შეხვედრის შედეგები შეჯამდა.

„არ ვფიქრობ, რომ ახლა მხოლოდ კრიტერიუმების განსაზღვრა არის ერთადერთი საკითხი. მიმაჩნია, რომ მათზე საუბარი მაშინ უნდა დავიწყოთ, როცა ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლება და პარლამენტის მიერ ისეთი წესების მიღება და დადგენა, რომელიც საბჭოს წესრების არჩევისთვის ახალ რეგულაციებს შემოიტანს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება კრიტერიუმებზე საუბრის დაწყება, რადგან რაც არ უნდა კარგი კრიტერიუმები დავადგინოთ, თუ საბჭოს იგივე შემადგენლობა დარჩება სრული უმრავლესობით, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ღირსეულ და დამოუკიდებელ კანდიდატებს შანსი არ აქვთ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

„შეხვედრები ტარდება იმისათვის, რომ მოხდეს აზრების გაცვლა ბევრ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა სიის ფორმირების წესი, წარდგენილი კანდიდატების კრიტერიუმების განსაზღვრა თუ კანონში შესატანი ცვლილებები. ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება ან შეთანხმება მიღებული არ არის და  პროცესი გრძელდება, რომელიც დაინტერესებულ წრეებთან შეხვედრების გამართვას და მათი მოსაზრებების გაცნობას ითვალისწინებს“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა, ლევან კობერიძემ.

პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, ყველა იმ შეხვედრაზე, რომლებიც ბოლო დღეებში ტარდება, საერთო პოზიცია ფიქსირდება და იგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის აუცილებლობას შეეხება.

„ყველა ვთანხმდებით, რომ  მართლმსაჯულების რეფორმის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა რამდენიმე საკითხის რეალიზება. ეს ეხება როგორც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას და ისეთი მოსამართლეების არჩევას, რომლის მიმართ საზოგადოებას ექნება ნდობა, ასევე ეს გულისხმობს რეფორმის ბოლომდე მიყვანას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მოწესრიგებას. ეს არის კომპლექსური საკითხი და მუშაობა უნდა წარიმართოს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე განცხადებით, სამუშაო შეხვედრების შემდეგ მომზადდება კანონში შესატანი ცვლილებების ისეთი პროექტი, რომელსაც გარდა იმ პირებისა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს და პარლამენტს წარუდგინეს მოსამართლეთა ათკაციანი სია, ყველას მიერ სრული მხარდაჭერა ექნება.