სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს - დავით სერგეენკო
ამობეჭდვა · 17 / 01 / 2019 19:06
სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს - დავით სერგეენკო

სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შპს „სისხლის ბანკის“ წარმომადგენლის განცხადებას, სისხლის მარაგის დეფიციტის შესახებ.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, გუშინ დიდ დიღომში აფეთქების შემდეგ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა.

„საჯარო მოხელის კოდექსი არ მაძლევს უფლებას, შესაბამისი შეფასება გავაკეთო. სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და დაამზადოს პროდუქტი, რომელიც შემდგომ კომერციულად უნდა გაყიდოს. თან ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ქვეყანაში გლოვის დღეა გამოცხადებული და უამრავმა ადამიანმა უანგაროდ შესთავაზა დახმარება ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს. ამ ფაქტის შეფასებას საზოგადოებას შევთავაზებ. ბავშვების მკურნალობის პროცესში დაიხარჯა ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი, რაც ძალიან ცოტაა, ამაზე ნაკლები მოცულობა უბრალოდ არ არსებობს. მარაგი, რა თქმა უნდა, შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. მას თავისი რესურსიც აქვს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

დღეს გავრცელდა იაშვილის კლინიკის ეზოში მდებარე შპს „სისხლის ბანკის“ მენეჯერის ეკა გუგეშაშვილის კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასევე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია

ტეგები