ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა
ამობეჭდვა · 18 / 01 / 2019 17:55
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან გამართა.

შეხვედრის დასაწყისში ეკა ბესელიამ თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა ზედამხედველობის და აღსრულების კუთხით კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაამკაცროს.
„ჩვენ ყველანი შეძრული ვართ ამ ტრაგედიით, ამავე დროს მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიფიქროთ მაქსიმალურად კარგ და ეფექტიან კონტროლზე ზედამხედველობის და აღსრულების კუთხით, როდესაც საქმე ეხება მშენებლობას და მშენებლობის შემდგომ პროცედურებს. ამაზე ჩვენ, კანონმდებლებმა უნდა ვიფიქროთ, თუ კიდევ უფრო მეტად რა არის საჭირო, მათ შორის აღსრულების დონეზე კონტროლის კუთხით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრმა შეკრებილ საზოგადოებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნო. მისი განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ დაკომპლექტდება უზენაესი სასამართლო, ვინაიდან ამან უნდა განსაზღვროს უახლოეს ხანაში როგორი იქნება მართლმსაჯულება საქართველოში. მისი ინფორმაციით, თანამოაზრეებსა და იურისტებთან ერთად უკვე დაიწყო მუშაობა ორგანულ კანონში ცვლილებათა პროექტზე და ამდენად მეცნიერ-იურისტების, აკადემიური წრეების წარმომადგენელთა ხედვას, რეკომენდაციას, მოსაზრებას, რჩევასა თუ პოზიციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრაზე საუბარი დაეთმო სამართლებრივ საკითხებს, მართლმსაჯულების რეფორმას, მათ ხედვებს იმ პროცესზე, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესს. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, ვენეციის კომისიის წევრმა, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მინდია უგრეხელიძემ, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრებმა.

მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის დაჩქარებული პროცესი. საერთო პოზიციაა, რომ უნდა იყოს მაქსიმალურად გახსნილი და საჯარო, ფართო კონსესუსზე დაფუძნებული და საზოგადოების მხარდაჭერით მიღებული გადაწყვეტილება, რათა სასამართლოს ყველაზე მაღალი ინსტანცია მაღალი რეპუტაციის და მაღალი სანდოობის მქონე მოსამართლეებისგან დაკომპლექტდეს. გამოითქვა საერთო მოსაზრება, რომ მოსამართლეობის კანდიდატებად უნდა დასახელდნენ არა მხოლოდ მოქმედი მოსამართლეები, არამედ პროფესიული წრეებიდანაც - იურიდიულ სფეროში ძალიან მაღალი გამოცდილების მქონე იურისტები.

შეხვედრაზე განხილული საკითხები ეკა ბესელიამ შეაჯამა და აღნიშნა, რომ საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები აისახება იმ საკანონმდებლო ინიციატივაში, რომელსაც კოლეგებთან ერთად, თვის ბოლოსთვის პარლამენტში წარადგენს.

„ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ფართო კონკურსი და იმის შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მარტო ის სია კი არ მიიღოს, რასაც იუსტიციის საბჭო მიიჩნევს საჭიროდ, არამედ ფართო სია, საიდანაც მოხდება შერჩევა. იუსტიციის საბჭო არ უნდა იყოს ისეთი ბარიერი, რომელიც არ მისცემს შესაძლებლობას პარლამენტს რეალურად შეარჩიოს საუკეთესო კანდიდატები და საუკეთესო მოსამართლეები უზენაესი სასამართლოსი. ერთ-ერთი მთავარი ჩემი რეკომენდაციაა, რომ სიაში არ უნდა იყოს მხოლოდ 10 ან 18 კაცი. სია გაცილებით ვრცელი უნდა იყოს და პარლამენტმა ამ სიიდან საუკეთესოები შეარჩიოს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკა ბესელიამ.

პარლამენტის წევრის თქმით, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. „ამის მიზანია, რომ ის ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტი მიიღებს საგაზაფხულო სესიაზე, ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერას და კონსესუსს ეფუძნებოდეს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები: დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და რუსლან პოღოსიანი.

ტეგები