ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2019 20:03
ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ მაღალაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება ზურაბ მაღალაშვილმა კინოცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაავრცელა.

პოსტში ზურაბ მაღალაშვილი მისი მუშაობის წლებსაც აჯამებს. როგორც თავად ამბობს, მისი დირექტორობის პერიოდში გუნდთან ერთად შეძლო, რომ კიდევ უფრო წინ წაეწია ქართული კინოინდუსტრია. მან ამ დროისთვის გადაუჭრელი საკითხებიც დაასახელა, მათ შორის აჭარაში რეგიონული ფონდის შექმნა, " საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაწილეობის საკითხი ქართულ კინოწარმოებაში და ე.წ. ჩამოკიდებული რეგიონული ფონდის დაარსება ეკონომიკის სამინისტროში. რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხებზე დღესაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ვფიქრობ, მომავალშიც გაგრძელდება და აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რათა საქართველოში არსებობდეს დაფინანსების რამდენიმე წყარო და არა მხოლოდ ეროვნული კინოცენტრი",- წერს მაღალაშვილი პოსტში.

მისი დირექტორობის მთავარ მიღწევებად კი ასახელებს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილების დაფინანსების გაზრდას, ასევე მისი თქმით, 2018 წლისთვის დაფინანსებული დოკუმენტური ფილმების რაოდენობა გაიზარდა 10-მდე და სხვა.

"ვფიქრობ, დროა, კინოცენტრის ხელმძღვანელად მოვიდეს პროფესიონალი, რომელიც კიდევ უფრო წინ წასწევს ქართულ კინოინდუსტრიას. მიმაჩნია, რომ ახალი დირექტორი ღრმად უნდა ერკვეოდეს კინოწარმოების პროცესში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგჯერ, ერთი შეხედვით თითქოსდა ძალზე კეთილშობილურმა, საჭირო და აუცილებელმა გადაწყვეტილების მიღებამ გამოუსწორებელი დარტყმა შეიძლება მიაყენოს თითოეულ ჩვენგანს და მთლიანად ინდუსტრიას.

ძვირფასო კოლეგებო, მე ვტოვებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობას და გამოვთქვამ მზადყოფნას, ყველანაირად მხარში დავუდგე, გავუზიარო გამოცდილება ახალ დირექტორს", - წერია ზურაბ მაღალაშვილის განცხადებაში.
 

ტეგები