სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2019 21:26
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ევროპარლამენტარებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საშინაო გამოწვევებს.
როგორც ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა განაცხადა, შეხვედრისას განიხილეს ასევე, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემო, რომელიც საარჩევნო პროცესმა დატოვა და რაც გაჯანსაღებას საჭიროებს. ანა გომეშის აზრით, აღნიშნული სიტუაციის გაჯანსაღებაში პრეზიდენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი და მისი შედეგებიც განიხილა.
ევროპარლამენტარ კლერ მუდის განცხადებით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი მუშაობს ისე, როგორც განზრახული იყო: აძლევს მოქალაქეებს შესაძლებლობას თავისუფლად ესტუმრონ და ნახონ ევროპული ქვეყნები.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კონსტრუქციულად ვმუშაობთ, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი გადაადგილების გაგრძელება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ცალკეული ქვეყნების მხრიდან. საჭიროა, რომ ცალკეული ქვეყნების მთავრობები უფრო პროაქტიულები იყვნენ ამ მიმართულებით საკუთარი პოლიტიკის შემუშავებისას. ევროკავშირში შიგნით არის სურვილი და ნება, რომ გავაგრძელოთ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით ბენეფიტების მიღების უზრუნველყოფა. ვიცი, რომ ამაზე ფოკუსირებული იქნება ევროპარლამენტი და დანარჩენი ევროინსტიტუტებიც”, - აღნიშნა კლერ მუდმა.
ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვეს იმ საკითხის მნიშვნელობასა და აქცენტებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, პირველი სამუშაო ვიზიტის ადგილად სწორედ ბრიუსელი შეარჩია.
ევროპარლამენტარ საჯად კარიმის განცხადებით, ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების სიღრმეები და სრული დინამიკა.
"რომ გავიხსენოთ, 10 წლის წინანდელი პერიოდი, დაუჯერებელია, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობამ ასეთ პროგრესს მიაღწია“, - აღნიშნა საჯად კარიმმა.
მისი თქმით, თუ გავიხედავთ მომავალში, ის ნაბიჯები, რაც გადაიდგა და იდგმება, განსაკუთრებით, პრეზიდენტის ოფისის მიერ, (თავისი გამოცდილებით რაც მას აქვს) არის საფუძველი იმისა, რომ საქართველომ გააღრმავოს ურთიერთობები ევროკავშირთან, რასაც ევროპარლამენტი მიესალმება.

ტეგები