ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს
ამობეჭდვა · 22 / 01 / 2019 22:40
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება.“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებში.

სამართალდამცველები 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტს იკვლევენ, რა დროსაც ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი და ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ზურაბ დათუნაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ის ადასტურებს, რომ 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. როგორც დათუნაშვილი წერს, მას თავში ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ ჩაარტყა.

ტეგები