სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა ძალიან წარმატებულია, რამაც უზრუნველყო ქვეყნის მეტი უსაფრთხოება,
ამობეჭდვა · 23 / 01 / 2019 21:50
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა ძალიან წარმატებულია, რამაც უზრუნველყო ქვეყნის მეტი უსაფრთხოება,

"საქართველოს გზა ნატო-ში ინტეგრაციისაკენ ქართველი ერის, საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენს არჩევანს ასახავს. ჩვენი გზა ინტეგრაციისაკენ ძალიან წარმატებულია, რამაც უზრუნველყო საქართველოს მეტი უსაფრთხოება, მისი თავდაცვის ძალების მეტი მზაობა და მოდერნიზაცია", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ბრიუსელში ვიზიტისას, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები ნატო-სთან.

"ჩვენ დავიცავით საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ეს მისწრაფება გავხდეთ ნატო- სა და ევროკავშირის წევრები, და ეს რჩება საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად და იქნება ჩემი 6 წლიანი მანდატის ერთ-ერთი პრიორიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მანდატის განმავლობაში, მე წარმატებული ვიქნები, როგორც ჩემი, ერთ-ერთი წინამორბედი ქალი ბალტიის რეგიონში.

ძალიან მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერისათვის, რაც საქართველომ მიიღო ამ ორგანიზაციისგან. ჩვენი გზა ინტეგრაციისაკენ ძალიან წარმატებულია, რამაც უზრუნველყო საქართველოს მეტი უსაფრთხოება, მისი თავდაცვის ძალების მეტი მზაობა, მოდერნიზაცია. რისი გაკეთებაც იგეგმება სანაპირო დაცვისათვის არის ის, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ ახალ გარემოში, რომელშიც საქართველოა.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს 2 რეგიონი და როდესაც გვაქვს საოკუპაციო ხაზი, რომელიც მუდმივად გვახსენებს ძალიან დაძაბულ ვითარებას და, რომელიც მუდმივ ზეწოლას ახორციელებს არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ, არამედ დანარჩენ მოსახლეობაზეც, რადგან შეუძლებელია დაივიწყო, რაც ასე ახლოსაა ჩვენი დედაქალაქიდანაც კი.

საქართველომ დაამტკიცა არა მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილების ერთგულება, არამედ ისიც, რომ ის ნატო-ს ძალიან სანდო და ქმედითი პარტნიორია. ჩვენ, ზოგჯერ, სხვა წევრებზე მეტს ვასრულებთ 2%-ის მოთხოვნებისა და წინაპირობების შესაბამისად; ასევე, ახლა ვხარჯავთ 20%-ს ჩვენი აღჭურვილობის მოდერნიზაციისათვის, რაც კიდევ ერთი მოთხოვნაა.

ასე რომ, საქართველო რეალურად ცდილობს იყოს ნატო- სათვის სამაგალითო პარტნიორი და ასევე, მხედველობაში ვიღებთ, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების გაზრდილ პროფესიონალიზმსა და ერთგულებას; საქართველო სამაგალითო პარტნიორია ასევე, იმ ოპერაციების წყალობითაც, რომლებშიც ჩვენ წვლილი შეგვაქვს, ეს ორმხრივია. ჩვენ არა მხოლოდ წვლილი შეგვაქვს, მათ შორის, ფინანსურიც, არამედ, ასევე, სანაცვლოდ ვიღებთ ძალიან ბევრს.

ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და, რა თქმა უნდა, გვჭირდება მეტი უსაფრთხოება, მეტი სტაბილურობა შავ ზღვაში. ჩვენთვის საკმარისია ისიც, რომ გვაქვს საერთო საზღვარი, რომელიც დაძაბულობისა და, ზოგჯერ, დაპირისპირების ხაზიცაა.

ასე რომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვა იყოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების ზღვა, რომელიც გვაკავშირებს ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორებთან. განვიხილეთ ძალიან ინტენსიური პროგრამა, რომელიც გვაქვს წელს. 2019 წელს ვგეგმავთ მივიღოთ საქართველო-ნატოს წვრთნები, სამხედრო კომიტეტი, თქვენი ვიზიტი.

ყველაფერი ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოში ნატო მეტად ხილვადი გავხადოთ მოსახლეობისათვის, ასევე ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელთა განხილვასაც ჩვენ ვგეგმავთ. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ექნება შესაძლებლობა ნატო-სთან ერთად იზეიმოს ალიანსის 70-ე წლისთავი ვაშინგტონში და მზად ვართ, მეტი გავაკეთოთ, მეტი ვითანამშრომლოთ და თქვენთან ერთად გვქონდეს წინსვლა ჩვენი ინტეგრაციის გზაზე და საბოლოო ინტეგრაციისაკენ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი პრესკონფერენციისას.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს ძალიან ღირებული პარტნიორი და ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი საერთო უსაფრთხოების საქმეში.

"თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში, თქვენ ასევე შეგაქვთ წვლილი ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში და მარტში თქვენ უმასპინძლებთ ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს, რომელშიც ნატო-ს 17 მოკავშირე ქვეყნა მიიღებს მონაწილეობას. ყოველივე აღნიშნული იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მჭიდრო ხდება.

დღევანდელ შეხვედრაზე, ჩვენ შევთანხმდით განვაგრძოთ მუშაობა, იმისთვის რომ მოვამზადოთ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი უკვე აძლიერებს თქვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ჩვენი ერთობლივი წვრთნების ცენტრის მონაწილეობით. ჩვენ ასევე მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც თქვენ აღწევთ რეფორმების კუთხით, რომელიც მოიცავს უფრო ეფექტიან უსაფრთხოებასა და თავდაცვის ინსტიტუტებს, ასევე თქვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას.

მოგიწოდებთ, განაგრძოთ ამ გზით სიარული. მივესალმები თქვენს წვლილს ნატო-ს მოთხოვნების შესაბამისად, რომ მშპ-ს 2 % დაიხარჯოს თავდაცვაზე. ნატო სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს მათი აღიარება და საკუთარი სამხედრო ძალები გაიწვიოს ორივე რეგიონიდან.

ნატო და საქართველო, ასევე იზიარებენ შეშფოთებას რუსულ სამხედრო ძალების მოცულობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას ზღვაზე, რაც მოიცავს საქარველოს სანაპირო დაცვის ჯგუფების მომზადებას, უფრო მეტ თანამშრომლობას საქართველოსა და ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალებს შორის და თანამშრომლობას საქართველოს ერთიან საზღვაო სამოქმედო ცენტრსა და ნატო-ს საზღვაო სარდლობას შორის.

ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსთან ჩვენ ყველას უფრო დაცულს გვხდის. მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას, რადგან საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს 21 იანვარს ეწვია და უკვე გამართა შეხვედრები: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ანტონიო ტაიანისთან, ევროპარლამენტარებთან, რომელთა შორის იყვნენ: ანა გომეში, კლერ მუდი, საჯად კარიმი, ეიდი ჰაუტალა, მაიკლ გალერი.

ტეგები