სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2019 00:19
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო

სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დასწრებით დაასრულა, რომელიც ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

"ნატოს საბჭოზე საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა და აღინიშნა, რომ საქართველო ნატოს არაჩვეულებრივი მოკავშირეა.

ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია ჩვენთვის. გამოითქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს შავ ზღვაში, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნატო - საქართველოს კომისიის წევრებმა ერთხმად დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ეს არის საქართველოსი და ქართველი ხალხის მხარდაჭერა. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ბრიუსელში გვყავს მხარდამჭერები და ძალიან სერიოზული მოკავშირეები - ევროკავშირი და ნატო“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ვხედავთ, რომ შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართ ძალიან სერიოზული გამოწვევებია: უკრაინის მოვლენები, რუსეთის გააქტიურება. აუცილებელია, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოება ნატო-სთან ერთად, რომ შავმა ზღვამ შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი დანიშნულება, რომ იყოს ჩვენსა და ევროკავშირს შორის კავშირი.

ტეგები