სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო
ამობეჭდვა · 24 / 01 / 2019 10:48
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო

სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დასწრებით დაასრულა, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.

„ნატო-ს საბჭოზე საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა და აღინიშნა, რომ საქართველო ნატო-ს არაჩვეულებრივი მოკავშირეა. ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია ჩვენთვის. გამოითქვა მზადყოფნა, რომ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს შავ ზღვაში, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნატო-საქართველოს კომისიის წევრებმა ერთხმად დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ეს არის საქართველოსი და ქართველი ხალხის მხარდაჭერა. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ბრიუსელში გვყავს მხარდამჭერები და ძალიან სერიოზული მოკავშირეები – ევროკავშირი და ნატო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ანტონიო ტაიანის შეხვდა.

ზურაბიშვილმა ასევე გამართა შეხვედრები ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტარებთან, რომელთა შორის იყვნენ: ანა გომეში, კლერ მუდი, საჯად კარიმი, ეიდიჰაუტალა, მაიკლ გალერი.

ტეგები