რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტმა შიდა ქართლის რეგიონში კომიტეტის გასვლითი სხდომა გამართა
ამობეჭდვა · 26 / 01 / 2019 11:26
რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტმა შიდა ქართლის რეგიონში კომიტეტის გასვლითი სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში გაიმართა.

„ჩვენი კომიტეტი თვეში ერთ დღეს რეგიონში გადის სამუშაოდ. ამჯერად რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა შიდა ქართლში გავმართეთ." - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ პირველი მოსმენით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონპროექტი წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი საქართველოს კონსტიტუციასთან კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად და თვითმმართველობის მთავარ დოკუმენტში - „ადგილობრივი თვითთმართველობის კოდექსში“ აისახება ყველა ის ახალი ნორმა და დებულება, რომელიც კონსტიტუციის დონეზე გაიწერა.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დეცენტრალიზაციის მიმდინარეობის პროცესზე, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობასა და ბიუჯეტის ფორმირების პროცესში საზოგადოებრივი მოთხოვნების ასახვის საკითხებზე ისაუბრა.

მანვე კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულებაზე ინფორმაცია წარმოადგინა და მათ კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხები გააცნო.

კომიტეტის გასვლითი სხდომა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა გორში, კასპში, ხაშურსა და ქარელში 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების და სამომავლო გეგმების თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინეს.

სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა რეგიონში 2019 განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია წარმოადგინა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დონორი ორგანიზაციების მეშვეობით, შიდა ქართლის რეგიონში 2018-2019 წლებში დაფინანსდა და მიმდინარეობს 92 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 133.5 მლნ ლარს შეადგენს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონში 2018 წლის განმავლობაში 39 ინფრასტრუქტურულ პროექტზე 19.5 მლნ. ლარი დაიხარჯა. აქედან გორში განხორციელდა 17, კასპშ - 7, ქარელში - 7 და ხაშურში - 7 პროექტი. სხდომაზე რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციასაც გაეცნენ.

კომიტეტის გასვლითი სხდომა კომიტეტის თავმჯდომარემ შეაჯამა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ანგარიშის გაცნობისას, სახეზეა დადებითი დინამიკა როგორც დაგეგმვის, ასევე შესრულების კუთხით, რაც მისივე შეფასებით, რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს.

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.​
 

ტეგები