ჭავჭავაძის გამზირს, ვეკუა-ხიზანიშვილისა და კანდელაკის ქუჩებს, მიმდინარე წელს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2019 12:43
ჭავჭავაძის გამზირს, ვეკუა-ხიზანიშვილისა და კანდელაკის ქუჩებს, მიმდინარე წელს, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2019 წელს ჭავჭავაძის გამზირს, კანდელაკისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„მსხვილ სარეაბილიტაციო პროექტებს შორისაა კანდელაკის ქუჩა. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ვგეგმავთ აღნიშნული ქუჩის სრულ რეაბილიტაციას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ პროექტის განხორციელებაზე 1 600 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, მსხვილ საგზაო პროექტებს შორისაა გლდანში ვეკუა- ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ეს არის გლდანის ორი ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღეს დანგრეული და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ქუჩების მოწესრიგებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 10 000 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მსხვილი საგზაო პროექტების ფარგლებში განხორციელდება ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციაც.

„დაგეგმილი გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია. აქ მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. თქვენც დაკვირვებიხართ, „ჯივიპი“ თითქმის ყოველდღიურად ატარებს სამუშაოებს, ხშირია დაზიანებებები, ასფალტის ფენის ჩავარდნის შემთხვევები. ამის მიზეზი არის მოძველებული და დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა. შესაბამისად, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად მოწესრიგდება როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათება. ვგეგმავთ, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის შექმნას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს. ამ
პროექტის განხორციელებაზე 13 000 000 ლარი დაიხარჯება“,- განაცხადა თბილისის
მერმა.

ტეგები