პრემიერი: სახელმწიფოს პროგრესი უნდა გავზომოთ ორი კრიტერიუმით, რამდენად სწრაფად ვამარცხებთ სიღარიბეს და რამდენად წინ მივიწევთ ადამიანური კაპიტალის ინდექსში
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2019 14:43
პრემიერი: სახელმწიფოს პროგრესი უნდა გავზომოთ ორი კრიტერიუმით, რამდენად სწრაფად ვამარცხებთ სიღარიბეს და რამდენად წინ მივიწევთ ადამიანური კაპიტალის ინდექსში

სახელმწიფოს პროგრესი გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა გავზომოთ ორი კრიტერიუმით, რამდენად სწრაფად ვამარცხებთ სიღარიბეს და რამდენად წინ მივიწევთ ადამიანური კაპიტალის ინდექსში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიური ევოლუციის საუკუნეა, სადაც ადამიანურ კაპიტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განათლების რეფორმაზე, აქ ჩვენთვის ამოსავალია ადამიანური კაპიტალი. დღეს, სამწუხაროდ განათლება და ეკონომიკა, ერთმანეთს ასცდა და უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვა, სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობს. ჩვენი ეკონომიკური გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ ეს აცდენაა, შესაბამისად, მთავარი კრიტერიუმია, საქართველოში რაც შეიძლება სწრაფად შევქმნათ ისეთი ადამიანური კაპიტალი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება 21-ე საუკუნეში. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ისეთი პოტენციალი, რომელიც საქართველოს შეიყვანს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური რეფორმა. მე, როგორც მოქალაქე, გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული სახელმწიფოს წარმატებას შევაფასებდი ამ ორი ძირითადი კრიტერიუმით, რამდენად კარგი ტემპებით მივდივართ სიღარიბის დამარცხებაში და როგორ ვაუმჯობესებთ პოზიციას ადამიანური კაპიტალის ინდექსში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ტეგები