ირინა ფრუიძის თავმჯდომარეობით, ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2019 16:19
ირინა ფრუიძის თავმჯდომარეობით, ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების - საქართველო, მოდლოვა, უკრაინა - სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში საპარლამენტო ჩართულობის ინსტიტუციურ მექანიზმებზე იმსჯელეს.

სხდომის თანათავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე და პარლამენტის ახალ რეგლამენტზე ისაუბრა, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას.

„ეს ცვლილებები უფრო ეფექტიანს გახდის პარლამენტის მუშაობას და ხელს შეუწყობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.

სხდომაზე, ექსპერტმა კატარინა ვოლჩუკმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დაკვეთით ჩატარებული კვლევა წარადგინა.

კვლევის თანახმად, ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას სჭირდება პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მაკოორდინირებელი მექანიზმები და ინსტიტუციური შესაძლებლობები.

„სამივე ასპექტი მოიცავს პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ორგანოს აქტიურ ჩართულობას ასოცირების პროცესში“, - აღნიშნა ექსპერტმა.

უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციების ხელმძღვანელებმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში მათ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.

სამუშაო ჯგუფის სხდომაში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების დელეგაციები, ევროპარლამენტის წევრები და ევროკავშირის ინტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს პარლამენტიდან სხდომის მუშაობაში ირინა ფრუიძე და გიორგი მოსიძემონაწილეობდნენ.


 

ტეგები