საქართველოში სექსი ქალთა პოლიტიკიდან განდევნის იარაღია - ქალთა მოძრაობა
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2019 16:30
საქართველოში სექსი ქალთა პოლიტიკიდან განდევნის იარაღია - ქალთა მოძრაობა

ქალთა მოძრაობა პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან.

ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პატრიარქალური სისტემა და ქალთმოძულე კულტურა ამგვარად სჯის პოლიტიკურად თუ საზოგადოებრივად აქტიურ ქალებს, ხოლო მათ, ვისაც პოლიტიკაში მოსვლა სურს - აშინებს.

„პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი საფრთხე არ ექმნებათ ჰეტეროსექსუალ კაც პოლიტიკოსებს. მათი სექსუალური ცხოვრება არათუ დაგმობილი, არამედ კულტურულად წახალისებული და აღიარებულია. შესაბამისად, სექსი მათთვის არც ბარიერია, არც შანტაჟისა და დაშინების წყარო და არც დისკრედიტაციის საფრთხე, რაც, კიდევ ერთხელ მიუთითებს პატრიარქალურ სისტემაში გაბატონებულ უთანასწორობასა და მასზე მიბმულ ორმაგ მორალურ სტანდარტებზე.

ქალთა მოძრაობა მხარში უდგას და მხარდაჭერას უცხადებს ყველა ქალს, ვინც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მსხვერპლი გამხდარა. ასეთი შემთხვევები შემაშფოთებლად მატულობს. ქალთა მოძრაობა გმობს მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას.

პირადი და სექსუალური ცხოვრების უფლება ადამიანის უფლებაა. ქალებს, მათ შორის, პოლიტიკოს ქალებს, აქვთ სექსი საქართველოში. სექსი ქალების პოლიტიკიდან განდევნის იარაღი აღარ უნდა იყოს! ქალების პირადი ცხოვრებით მანიპულირება უნდა დასრულდეს!, "- ამბობენ ქალთა მოძრაობის წევრები.

წყარო: liberali.ge
 

ტეგები