ხიდის მოაჯირიდან რიონში მოზარდი გადავარდა - სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც მონაწილეობენ
ამობეჭდვა · 29 / 01 / 2019 20:33
ხიდის მოაჯირიდან რიონში მოზარდი გადავარდა -  სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც მონაწილეობენ

ფოთში, მდინარე რიონში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავების დამატებითი ძალები აჭარის რეგიონიდანაც ჩაერთნენ, შესაბამისად, რიონში მოზარდის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს მიშა ფეიქრიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფება 20 მაშველი და მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება 16:53 შემოვიდა. თვითმხილველი იუწყებოდა, რომ მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა ქალაქ ფოთში, ცენტრში არსებული ხიდიდან. ზუსტად 2 წუთში სამაშველო ჯგუფები ადგილზე მივიდნენ, თუმცა პირველადი დათვალიერების შედეგად მდინარეში მოზარდი ვერ აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 20 მაშველი. მიმდინარეობს არა მხოლოდ მდინარის ზედაპირის დათვალიერება. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ამინდი და მხედველობის არე მოგვცემს საშუალებას. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება, რათა მოზარდი დროულად ვიპოვოთ“, - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

ტეგები