ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი არჩევნებიდან არჩევნებამდე საჭიროა იმაზე ფიქრი, რომ გუნდის მუდმივად განახლება არის საჭირო
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2019 00:38
ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი არჩევნებიდან არჩევნებამდე საჭიროა იმაზე ფიქრი, რომ გუნდის მუდმივად განახლება არის საჭირო

„საჭიროა ახალი სისხლი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და შესაბამისად, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულიც არის, რის შედეგებსაც საზოგადოება იხილავს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდია და რაიმე კონკრეტული მონახაზი არ არის გამოკვეთილი.

„წელიწად-ნახევარში გახურებული საარჩევნო კამპანია გვექნება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამისთვის მომზადება უკვე დღეს არის დასაწყები. მათ შორის, საკადრო პოლიტიკის კუთხით, საჭიროა გუნდის მუდმივად განახლება. ნებისმიერი არჩევნებიდან არჩევნებამდე საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ გუნდი მუდმივად განახლებას საჭიროებს. ამ ეტაპზე, მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს და საკადრო კუთხით ჯერჯერობით რამე კონკრეტული მონახაზიც კი არ არის გამოკვეთილი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიისთვის 2020 წლის არჩევნებზე, უმთავრესი ამოცანა სწრაფი ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, ადამიანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, რადგან წინა პლანზე ეკონომიკური და სოციალური საკითხებია წამოსული.

„სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია. ეს მაჩვენებელი ჩვენ ძალიან მაღალი დაგვხვდა. იყო 1 150 000 ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა და ახლა არის 800 000. ანუ, ამ ექვსი წლის განმავლობაში მაჩვენებელი მხოლოდ 350 000 ადამიანით შემცირდა. ამ მაჩვენებლის შემცირებას და ნულამდე დაყვანას სამწუხაროდ, კიდევ არა ერთი წელიწადი დასჭირდება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ მმართველ გუნდს პოლიტიკის მუდმივად გადააზრება სჭირდება, რადგან ხელისუფლება მუდმივად ეფექტიანი და მოქნილი უნდა იყოს, ამაში კი, წვლილი, რა თქმა უნდა, პარლამენტმაც უნდა შეიტანოს.

„ჩვენ ახლა პრაქტიკულად ვიწყებთ საპარლამენტო წელიწადს და ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გავიაზროთ ხარვეზები, რაც პოლიტიკის თითოეული მიმართულებით არის. ვიმუშავებთ მთავრობასთან ერთად, რათა გავაუმჯობესოთ პოლიტიკა და შესაბამისად, ეს ადამიანების ცხოვრებაზე აისახოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლებს.

„გვექნება აქტიური თანამშრომლობა მთავრობასთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე უნდა გამოიკვეთოს არა მარტო ახალი მიმართულებები პოლიტიკაში, არამედ კონკრეტული პროგრამები და პროექტები, რომლებიც საზოგადოებისთვის ხელშესახები იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ტეგები