თბილისის მერი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
ამობეჭდვა · 30 / 01 / 2019 16:45
თბილისის მერი ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს, ჰენრიკ ჰოლოლეის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას, კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, როგორც თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, განვითარებას შეეხო.

დედაქალაქის მერმა ჰენრიკ ჰოლოლეის ყველა ის ძირითადი მიმართულება გააცნო, რომელზეც თბილისის მერია მუშაობს. ყურადღება გამახვილდა ასევე, სატრანსპორტო პოლიტიკასა და იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იგეგმება.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ყველა სამუშაოს შესრულების დროს, მერია პარტნიორების რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

„გვაქვს ამბიციური გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ და ისინი აბსოლუტურად რეალისტურია. მივაღწიეთ იმას, რომ წელს დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აჭარბებს. თბილისის მერია ბევრი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკაა. ვცდილობთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. 2019 წლის ბოლოს, ძველ ავტოპარკს ახალი, თანამედროვე ავტობუსებით სრულად ჩავანაცვლებთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს მოდერნიზებაზე, ვამატებთ ახალ შემადგენლობებს, რათა მოცდის დრო შევამციროთ. დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ყველა სამუშაოს დროს ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. სატრანსპორტო მიმართულებით, ფრანგული კომპანია „სისტრას“ კვლევებს ვეყრდნობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ძალიან ამბიციური დღის წესრიგი აქვს და დედაქალაქის მთავრობის ენთუზიაზმი - ქალაქი უფრო მიმზიდველი გახადოს, მისასალმებელია. 

ტეგები