იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2019 16:44
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასაწყისში, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სახელით განცხადება გააკეთა.

„მინდა გამოვეხმაურო და დავგმო ის ამაზრზენი და ბინძური ქმედება, რაც ჩვენი კოლეგის, ეკა ბესელიას მიმართ განხორციელდა და რომელიც პირადი შინაარსის მქონე ინფორმაციის გავრცელებას ეხება. ეს არის ბოროტება, რომელიც აუცილებლად უნდა დამარცხდეს საქართველოში. მთელი კომიტეტი აბსოლიტურად თანაზიარნი და სოლიდარულნი ვართ ჩვენი კოლეგის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ დისკუსიის კარი და ამ სახის დანაშაულებზე სასჯელის გამკაცრებაზე ვიმსჯელოთ თუ კი ის დადებითად იმოქმედებს და პრევენციული შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სხდომაზე კომიტეტის წევრები კანონპროექტთა პაკეტს გაეცნენ. პარლამენტის წევრმა მერაბ ქვარაიამ „სოციალური მეწარმეობის შესახებ“, „გრანტების შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“, „მეწარმეთა შესახებ“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტთა პაკეტიწარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებები სოციალური საწარმოს განვითარებას და სოციალური მეწარმის დეფინიციის განსაზღვრას შეეხება. მისივე განცხადებით, დოკუმენტის მომზადების პროცესში, კანონპროექტის ავტორებმა ევროპული ქვეყნების გამოცდილება შეისწავლეს და მისი ქართულ რეალობაში გადმოტანა მოხდა. მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით სოციალური საწარმოს ინსტიტუტის შემოღება ხდება, რომელიც სოციალურ თანასწორობას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის განცხადებით, საწარმოს ძირითად ინტერესს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვა, მათი დასაქმება და ხელშეწყობა წარმოადგენს. კანონპროექტთა პაკეტი სოციალური საწარმოებისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას და სოციალური მეწარმის სტატუსის განსაზღვრის წესს მოიცავს.

საკითხის ირგვლივ კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ იმდენად რამდენადაც სოციალური მეწარმის ინსტიტუტის დანერგვა ქართულ კანონმდებლობაში სიახლეს წარმოადგენს, დოკუმენტის მთელი რიგი ნორმები დახვეწას და დამატებით დაზუსტებას საჭიროებენ.

დავით მათიკაშვილის შეფასებით, კანონპროექტით შემოთავაზებული იდეა მისაღები და ხელშესაწყობია, რადგან იგი სახელმწიფოებრივი საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს, თუმცა როგორც კომიტეტს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას დამატებითი შეკითხვები აქვთ, რომლებზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. მერაბ ქვარაია სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს და წინადადებებს გაეცნო და პროექტში მათი ასახვის მზაობაზე თანხმობა განაცხადა.

სხდომაზე პირველი მოსმენით „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს. ცვლილებების თანახმად, ბიზნესომბუდსმენს სასამართლო მეგობრის ფუნქციის შესრულება საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად საერთო სასამართლოებშიც შეეძლება.

სხდომის დასასრულს კომიტეტის წევრებმა წინა სხდომაზე უკვე განხილული საკითხის - „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ის ნორმები განიხილეს, რომლებიც დამატებითი კონსულტაციების მიზნით წინა სხდომაზე გადადებულ იქნა.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებზე პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
 

ტეგები