ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების მონიტორინგის წლიური ანგარიში მოისმინეს
ამობეჭდვა · 01 / 02 / 2019 18:23
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების მონიტორინგის წლიური ანგარიში მოისმინეს

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების მონიტორინგის 2018 წლის ანგარიში მოისმინეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინე ფრუიძე უძღვებოდა.

„მონიტორინგის სისტემის შექმნა და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა იყო საქართველოს მიერ 2017 -2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღებული ვალდებულება. ეს სისტემა, რომელიც 2017 წლიდან დაინერგა არის ერთ-ერთი მექანიზმი საქართველოში კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი“, - განაცხადა სხდომის დაწყებისას ირინე ფრუიძემ.

მისი განმარტებით, ასეთი ტიპის მოსმენების ორგანიზება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებაა. „დღევანდელი მოსმენა იქნება კარგი საშუალება იმისთვის, რომ გავიგოთ თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა და რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ.

თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების მონიტორინგის 2018 წლის ანგარიში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ წარუდგინა.

„ცვლილება, რომელიც 2015 წელს „ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ კანონში შევიდა იყო ერთ-ერთი წინაპირობა, რაც ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჰქონდა აღებული და რაც ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, მონიტორინგის სისტემა დამყარებულია ელექტრონულ საწყისებზე. საჯარო სამსახურის ბიუროს აქვს წვდომა სახელმწიფო უწყებებში და ელექტრონულ ბაზებში დაცულ მონაცემებზე, რომლის მეშვეობითაც ის მონიტორინგს ახორციელებს.

როგორც მან განმარტა, დღეის მონაცემებით, ბაზაში რიცხულია 6500-მდე დეკლარანტი თანამდებობის პირი. „კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ წელიწადში დეკლარანტების 10% უნდა შემოწმდეს. ამ 10%-დან 5 %-ს ასახელებს დამოუკიდებელი კომისია, რომელიც იქმნება არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული; 5%-ს არჩევს ელექტრონული პროგრამა - შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. გარდა ამისა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, რომ ბიუროს მიმართოს დასაბუთებული განცხადებით და მოითხოვოს თანამდებობის პირის დეკლარაცია“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, გასულ წელს, საჯარო სამსახურის ბიუროში, 128 დასაბუთებული განცხადება შევიდა რომლის საფუძველზეც განახორციელდა მონიტორინგი.

მომხსენებელმა დეკლარაციის შემოწმების პროცედურები განმარტა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა კანონმდებლობაში დამატებითი ცვლილებების განხორციელება და მეტი კონკრეტიკის შეტანა. „საჯარო ბიურო მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, მუშაობს და საგაზაფხული სესიისთვის წარმოვადგენთ უფრო დახვეწილ ნორმებს და კრიტერიუმებს იმისთვის, რომ ერთი მხრივ, არ გავართულოთ თანამდებობის პირთა ცხოვრება და მეორე მხრივ, მონიტორინგი იმ მიზანს ემსახურებოდეს, რისთვისაც ის რეალურად არის შექმნილი“, - აღნიშნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში ჯამურად, 448 დეკლარაცია შემოწმდა. „შემოწმებული დეკლარაციებიდან უარყოფითად შეფასდა 379 დეკლარაცია, მათ შორის არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა 31 დეკლარაციაში და დეკლარანტს მიეცა გაფრთხილება, ხოლო ერთი დეკლარაცია შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში, დადებითად შეფასდა 59 დეკლარაცია, 10 დეკლარაციაზე შეწყდა წარმოება. მონიტორინგის შედეგების შესახებ ეცნობათ დეკლარანტებს კანონით დადგენილი წესით. ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება გაასაჩივრა 13-მა თანამდებობის პირმა“, - აღნიშნა ეკატერინე ქარდავამ.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

სხდომის თავმჯდომარის, ირინე ფრუიძის განმარტებით, პარლამენტის ახალ ვებ-გვერდზე პარლამენტის წევრთა დეკლარაციები განთავსდება.

„მუშაობა მიმდინარეობს პარლამენტის ახალ ვებგვერდზე, სადაც თითოეული პარლამენტის წევრის ველში ინტეგრირებული იქნება ქონებრივი დეკლარაციები, რითაც მოქალაქეებს, კიდევ უფრო მარტივად შეეძლებათ პარლამენტის წევრების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმება“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ.
 

ტეგები