ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ამობეჭდვა · 04 / 02 / 2019 17:17
ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე.

გოგიას ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, გია გულორდავას ადვოკატი კი 10 000-ლარიან გირაოს.

რაც შეეხება ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილ უფროს თენგიზ ქობალიას, მისმა ადვოკატმა 65 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა არც მისი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

ასევე არ დაკმაყოფილდა ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად დაკავებული ხუტა ბაღათურიას შუამდგომლობა, რომელსაც გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. ბაღათურიას ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

სუს-მა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის პირველ ნოემბერს დააკავა. დაკავებამდე თითქმის ორი თვით ადრე, 13 სექტემბერს, ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის მერის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება თენგიზ ქობალიას, გამოძიების ცნობით, მას ჰქონდა ინფორმაცია ქრთამის აღების ფაქტზე, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული დაფარა.

წყარო: 1TV.GE

ტეგები