ირაკლი კობახიძე: საგარეო მიმართულებით პარლამენტის საქმიანობა უნდა განვიხილოთ საქართველოს პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის კონტექსტში
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2019 18:31
ირაკლი კობახიძე: საგარეო მიმართულებით პარლამენტის საქმიანობა უნდა განვიხილოთ საქართველოს პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის კონტექსტში

„საგარეო ასპარეზზე გადადგმული თითოეული ჩვენი ნაბიჯი ემსახურებოდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებას, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებას, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარების უზრუნველსაყოფად უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზებას, ქვეყნისთვის კრიტიკული საკითხების ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებას, მნიშვნელოვან მოვლენებზე საგარეო კომუნიკაციასა და პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერებას“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.



პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო მიმართულებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს ათზე მეტი უმაღლესი დონის საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა, ასევე, გასულ წელს დაფუძნდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა, რომლის პირველი სხდომა თბილისში გაიმართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა დაფუძნდა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორ პოლონეთთან.



მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის სასახლე ღია იყო ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტთან ურთიერთობა და საპარლამენტო პროცესებში ჩართულობა, საპარლამენტო დიპლომატია, პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, საზოგადოების მედეგობის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.



მისი თქმით, სწორედ ამ კონტექსტში, საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებს, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს, 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მესამე საერთაშორისო კონფერენციას და სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმს.



ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ეუთოს, ნატოს, ევროსაბჭოსა და სხვა ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებში, ასევე, საპარლამენტთაშორისო კავშირის სესიებში, სადაც დეპუტატებს აზიის, აფრიკის, ოკეანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაზე საუბრის უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წევრთა აქტიური მონაწილეობით, საქართველოს მხარდამჭერი ტექსტები აისახა მნიშვნელოვან დოკუმენტებში, მათ შორის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა მიიღეს განცხადებები, რეკომენდაციები და რეზოლუციები, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და პარტნიორობის პოტენციალის სრულად ათვისებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო კავშირები დამყარდა ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებთან და ისტორიაში პირველად, შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები უზბეკეთსა და იორდანიაში.



პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, ორმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასა და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი მეგობრობის ჯგუფებმა. გარდა ამისა, პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების და საპარლამენტო კავშირების გამყარების მიზნით, მეგობარი ქვეყნების პარლამენტებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებები; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ბუნდესტაგის ხელშეწყობით, საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატებს შორის თანამშრომლობას: დაფუძნდა ქსელი, რომლის თავმჯდომარედაც საქართველოს პარლამენტის აპარატი იქნა არჩეული. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აპარატის რეფორმირებისა და თანამშრომლების პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ასამაღლებლად, საქართველოს პარლამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს მეგობარი ქვეყნების პარლამენტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ტეგები