დავით მათიკაშვილი - ძალიან დიდია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხვედრითი წილი იმ საკანონმდებლო საქმიანობაში, რაც 2018 წელს პარლამენტმა განახორციელა
ამობეჭდვა · 05 / 02 / 2019 18:50
დავით მათიკაშვილი - ძალიან დიდია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხვედრითი წილი იმ საკანონმდებლო საქმიანობაში, რაც 2018 წელს პარლამენტმა განახორციელა

„ძალიან დიდია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხვედრითი წილი იმ საკანონმდებლო საქმიანობაში, რაც 2018 წელს პარლამენტმა განახორციელა. საანგარიშო პერიოდში, ჯამში, ჩატარდა 58 სხდომა, რომელზეც განხილული იყო 593 კანონპროექტი, აქედან წამყვანი კომიტეტის სტატუსით 400 კანონპროექტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით -193 კანონპროექტი. ასევე, კომიტეტმა განიხილა 53 საკანონმდებლო წინადადება და 2 პეტიცია“,-განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მისი განცხადებით, კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია: კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საკონტროლო ფუნქცია და წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში.
კონკრეტულ საკითხებზე საუბრისას დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანონმდებლობის კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ჰარმონიზაციის პროცესი, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა თავისი ფუნქცია შეასრულა. მან თავის გამოსვლაში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონზე გაამახვილა ყურადღება
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონმა ახლებურად დაადგინა ორმაგი მოქალაქეობის მოპოვების წესი, დაიხვეწა მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საფუძვლები. ამ ცვლილებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად არ იწვევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის დატოვებას. შეგახსენებთ, რომ ეს ინიციატივა საკონსტიტუციო რეფორმის დროს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა, რაც გაზიარებული იყო საკონსტიტუციო კომისიის მიერ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა, ასევე, საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომელიც შეეხო პრეზიდენტის არჩევის წესს 2018 წლის შემდგომ პერიოდში და საპარლამენტო არჩევნებს 2020 წლის შემდგომ პერიოდში.

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი და საერთო სასამართლოების შესახებ კანონი.
დავით მათიკაშვილმა თავის გამოსვლაში ისაუბრა, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციაზე და საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობაზე.

მისივე თქმით, 2019 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზად განახორციელოს გეგმით გაწერილი აქტივობები და მიიღოს ყველა ის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც როგორც კომიტეტის, ასევე პარლამენტის წინაშე დგას.

ტეგები