ეკონომიკური განვითარება და განათლება, მეცნიერება ერთმანეთს დაშორდნენ, რაც ყველაზე მძიმე გამოწვევაა - მამუკა ბახტაძე
ამობეჭდვა · 06 / 02 / 2019 12:19
ეკონომიკური განვითარება და განათლება, მეცნიერება ერთმანეთს დაშორდნენ, რაც ყველაზე მძიმე გამოწვევაა - მამუკა ბახტაძე

განათლების რეფორმა სრულად მორგებულია საქართველოს რეალობასა და გამოწვევებზე, რომელიც განათლების სისტემაში არსებობს, – ამის შესახებ განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, რეფორმა მოიცავს ხუთივე საფეხურს: სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სხვადასხვა მიმართულებით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები და საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროცესებს.

„თუმცა, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ და რეალობას შევხედოთ თვალებში, რომ პრობლემები განათლების სისტემასა და მეცნიერებაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განათლების სექტორში შეიქმნა დეფიციტი, რომელიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ყველაზე მძიმე გამოწვევა, რაც არსებობს, ეს გახლავთ ის, რომ ეკონომიკური განვითარება და განათლება, მეცნიერება ერთმანეთს დაშორდნენ, ეს ორი მიმართულება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისთვის.

როგორც პრემიერი აცხადებს, საქართველოს განვითარების სტრატეგიაში სწორედ აღნიშნული ორი მიმართულება იქნება განმსაზღვრელი.

„ამ ორმა მიმართულებამ ერთად უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული განვითარება. ეკონომიკური განვითარება და რეფორმა განათლების სექტორში – შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთი სტრატეგია, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

განათლების სისტემაში კომპლექსური რეფორმა განხორციელდება, რომელიც ბევრ ცვლილებას გულისხმობს და როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას მოიცავს.