„ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის გუნდშია“ - დავით ზალკალიანი
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2019 09:56
„ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის გუნდშია“ - დავით ზალკალიანი

„საქართველოს აქვს პატივი იყოს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორი და გლობალური კოალიციის აქტიური წევრი ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში.“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

​დავით ზალკალიანმა ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეების ფორმებზე და მათთან გამკლავებისთვის აუცილებელ კოორდინირებულ ქმედებებზე ისაუბრა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და სტრატეგიის განხილვისას საგარეო საქმეთა მინისტრი მთელ რიგ მნიშვნელოვან ასპექტებს შეეხო.

საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ამ ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებზე.

„მტკიცედ მწამს, რომ საქართველოსა და ჩვენს რეგიონს უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი და პოლიტიკა, რომელსაც სიძლიერესა და თანმიმდევრულობას ანიჭებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი პარტნიორობა“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტერიალის ფარგლებში შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია პარტნიორი ქვეყნების მინისტრებთან, მათ შორის, ფრანგ, ნიდერლანდელ, პოლონელ, უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან.

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა. კოალიციის მიზანი ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და რეგიონში ტერორიზმიდან გამომდინარე საფრთხეების და შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის აღმოფხვრაა.




 

ტეგები