რატი იონათამიშვილი: „იმ საჯარო სკოლებზე გავრცელდეს პრიორიტეტები, სადაც ხორციელდება ინკლუზიური განათლება და სადაც ეს მიმართულება არის უფრო მეტად განვითარებული და დანერგილი“
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2019 15:56
რატი იონათამიშვილი: „იმ საჯარო სკოლებზე გავრცელდეს პრიორიტეტები, სადაც ხორციელდება ინკლუზიური განათლება და სადაც ეს მიმართულება არის უფრო მეტად  განვითარებული და დანერგილი“

„როდესაც თქვენ ჯერ კიდევ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ბრძანდებოდით, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანაბარი განათლების, ინკლუზიური განათლების დანერგვას და როდესაც თქვენ მინისტრი გახდით, ჩემთვის ერთ-ერთი დამატებითი მოტივაცია სწორედ ეს იყო, რომ ძალიან სწორად და კარგად იცოდით, რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება და რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე ვდგავართ ჩვენ“, - მიმართა პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, რომელმაც დღეს დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა და სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების სტატუსი გააცნო. რატი იონათამიშვილის ინფორმაციით,
გასული წლის, საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლითაც მოხდა სპეციალური პედაგოგის სტატუსის აღიარება და ის გაუთანაბრდა პედაგოგის სტატუსს.

რატი იონათამიშვილის თქმით, ცოტა უცნაურია, როდესაც ოპოზიცია მუდმივად საუბრობს, ერთი მხრივ, იმ პრობლემებზე, რაც არის განათლების სისტემაში და მეორე მხრივ, რეფორმისა და ცვლილებების წინააღმდეგია. „მე ვფიქრობ, რომ განათლება არის ის სფერო, სადაც ყველა ერთნაირად უნდა ვიყოთ მონდომებული. ეს ჩვენი პოლიტიკური გადანაწილების სივრცე ნამდვილად არ არის“, - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მან მინისტრს თხოვნით მიმართა, ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს იმ სკოლებს, სადაც ინკლუზიური სწავლება ხორციელდება.

„2019 წლის ბიუჯეტში ჩვენ გავაორმაგეთ სკოლის ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამუშაოები. მართალია, ამ თანხის განკარგვა უფრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხისმგებლობის ქვეშ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი იქნება განათლების
სამინისტროს პოზიციაც. მინდა გთხოვოთ, რომ იმ საჯარო სკოლებზე გავრცელდეს პრიორიტეტები, სადაც ხორციელდება ინკლუზიური განათლება და სადაც ეს მიმართულება არის უფრო მეტად განვითარებული და დანერგილი“, მიმართა რატი
იონათამიშვილმა მინისტრს.

ტეგები