მარიამ ჯაში: „ჩემი თითოეული კოლეგისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები“
ამობეჭდვა · 07 / 02 / 2019 21:43
მარიამ ჯაში: „ჩემი თითოეული კოლეგისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები“

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოხსენებისთვის. „უპრეცედენტო რაოდენობის კითხვა დაისვა დღევანდელ სხდომაზე, რადგან ჩემი თითოეული კოლეგისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნულ სფეროში დაგეგმილი ცვლილებები“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მინისტრის მოხსენების შეჯამებისას მან რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, არაერთი სიახლე იწყება და იგეგმება განათლების თითოეულ საფეხურზე.

„ადრეული და სკოლამდელი განათლების ეტაპზე იმ საკანონმდებლო ინიციატივის შემდგომ, რომელიც მიიღო ჯერ კიდევ მე-8 მოწვევის პარლამენტმა და რომლის განხორციელების მონიტორინგსაც ინტენსიურად ადევნებს თვალყურს საქართველოს პარლამენტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მიღწეული დღეს, რომ განათლების უწყებამ ეროვნულ დონეზე შექმნას ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის ერთიანი სტრუქტურა, მაკოორდინირებელი სისტემა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და ავტორიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სასკოლო განათლების საფეხურზე კომიტეტის თავმჯდომარემ მინისტრის ანგარიშიდან ორი ძირითადი მიმართულება გამოყო.

„მივესალმები ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ინვესტიციებს. პრაქტიკულად გასამმაგდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით გათვალისწინებული რესურსები. 2019 წელს გვექნება 9 ახალი სკოლა და 265 სკოლის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები დასრულდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 სკოლის მშენებლობა დასრულებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით და 35 000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა სასკოლო გარემო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის- შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან სასკოლო ინიციატივებს შორის ასევე გამოყო მანდატურის სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული თემები.

„საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით ჩვენ 2018 წელს შევიმუშავეთ პაკეტი მანდატურის სამსახურისა და სკოლის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით. მისასალმებელია, რომ იქმნება რეგიონალური სამსახურები, რომლებიც კოორდინაციას გაუწევენ კანონით გათვალისწინებული ცვლილებების დანერგვას“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ გამოცდებთან დაკავშირებით კომიტეტის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

„პირადად მე ბოლო ორი წელიწადია საკმაოდ კრიტიკულად ვაფასებდი არსებულ საატესტატო სისტემას, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა მოდიფიცირებას. გამოცდები ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების ამოცანებს და მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში, გაუქმებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვქონია საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული, ექსპერტთა შეფასებითაც და ასევე საზოგადოების მხრიდან გამოხმაურების თვალსაზრისით, ვფიქრობ არსებული სისტემით საატესტატო გამოცდები ნამდვილად არ იყო ეფექტური და სკოლა რჩებოდა, განსაკუთრებით, დამამთავრებელ კლასებში ორიენტირებული გამოცდების ჩაბარებაზე და არა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მან მინისტრის მიერ მოხსენებაში ხაზგასმული ჩრდილოვანი განათლების პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც მისივე თქმით, სულ მცირე 100მლნ-ზე მეტი ლარი იხარჯება საზოგადოების მხრიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ ვუდასტურებ უდიდეს პატივისცემას თითოეულ ჩვენს პედაგოგს, ისინი საჯარო სკოლაში თუ სკოლის ფარგლებს მიღმა ახორციელებენ პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჩვენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებისთვის არ უნდა ვაიძულოთ მშობლები, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გაღება უწევდეთ შვილების მოსამზადებლად ისევ და ისევ გამოცდებზე ორიენტირებული სასწავლო სისტემისთვის“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, აუცილებლად უნდა მოხდეს პედაგოგების მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა, როგორც პროფესიული, ასევე მატერიალური ანაზღაურების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

„ეს დაანონსდა პრემიერმინისტრის მიერ. მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა არის გათვალისწინებული და აქვე მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ თანაბრად ვიზრუნოთ პედაგოგების ხელფასების გაუმჯობესებაზე არა მარტო სკოლაში, არამედ საბავშვო ბაღების დონეზე და ასევე არაფორმალურ განათლებაში. სახელოვნებო განათლებაში კვლავაც რჩება მასწავლებლების არაადეკვატურად დაბალი ანაზღაურება, რაც აუცილებლად უნდა იყოს განხილული. ერთ-ერთი მიმართულება, რის გამოც მივესალმებოდი უწყებების გაერთიანებას , იქნება სახელოვნებო განათლების გაუმჯობესება და სპორტული განათლების ხარისხის გაუმჯობესება.“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ტეგები