ფსიქიატრიულ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსთავში მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი მათთან არ მიუყვანიათ
ამობეჭდვა · 10 / 02 / 2019 18:32
ფსიქიატრიულ დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსთავში მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი მათთან არ მიუყვანიათ

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცი, რომელმაც რუსთავში ძმისშვილი მოკლა, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა აქტიური ფსიქოზი არ შეინიშნებოდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

როგორც ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ განაცხადა, ნარკოლოგიურ განყოფილებაში 29 წლის მამაკაცი გუშინ მეგობრებმა მიიყვანეს.

ლაშა კილაძე ამბობს, რომ ნარკოლოგიურ დეპარტამენტს სტაციონარული მომსახურების გაწევა პაციენტის თანხმობის გარეშე არ შეუძლია. მისივე თქმით, იმის გამო, რომ მამაკაცი მკურნალობაზე უარს ამბობდა, მორიგე ექიმმა ფსიქიატრიულ დეპარტამენტში გადაამისამართა.

ფსიქიატრიული დეპარტამენტის ექიმის თქმით, მამაკაცი მათთან არ მისულა და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უადგილობის გამო პაციენტს დახმარება ვერ გაუწიეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ფსიქიატრიული ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე ამბობს, რომ ნარკოლოგიურ დეპარტამენტში 29 წლის მამაკაცისთვის არანაირი დამამშვიდებელი არ მიუციათ, რადგან მკურნალობის იძულების უფლებას მოქმედი კანონი კლინიკას არ აძლევს.

მკვლელობა რუსთავში, მერვე მიკრორაიონში დღეს დილით მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

ტეგები