ირაკლი კობახიძე: „რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2019 12:46
ირაკლი კობახიძე: „რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს

„რამდენჯერაც შეეცდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავის წამოწევას, იმდენჯერ გასცემს მას საზოგადოება საკადრის პასუხს. თუ დახმარება დასჭირდება საზოგადოებას, ჩვენც დავეხმარებით - ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბელგიაში, მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების“ მიერ იყო მართული.



„საზოგადოებამ გასცა პასუხი “ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც წარსულში გაუცია, როგორც მომავალში გასცემს, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ დასჭირდება ჩვენი დახმარება საზოგადოებას ამაში, რომ პასუხი გასცეს „ნაცმოძრაობას“, ჩვენ დავეხმარებით. ლიეჟში ამის საჭიროება არ იყო. მიდგომა არის მარტივი, რამდენჯერაც შეეცდებიან თავის წამოწევას, საზოგადოებამ იმდენჯერ უნდა გასცეს პასუხი. ანუ, იმთავითვე უნდა იყოს რეაგირება”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართვის პრევენცია აუცილებელია და ამაზე საზოგადოება და თითოეული პოლიტიკური ძალაა პასუხისმგებელი.



„პოლიტიკური პროცესების არასწორი მიმართულებით წარმართის პრევენცია არის აუცილებელი. ამაზე არის პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, საზოგადოება პირველ რიგში, ამაზე არის პასუხისმგებელი თითოეული პოლიტიკური ძალა, რომელიც სათანადოდ, ასე ვთქვათ, უდგება ამ საკითხს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ მმართველი გუნდი არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რევანშს და ამ პირობას შეასრულებს მომავალ წელს, საპარლამენტო არჩევნებშიც.



„ნაცმოძრაობის“ სულ არ გვეშინია. დავადასტურეთ ყველა გასულ წელს, ყველა არჩევნებში. ჩვენ ვპირდებოდით ყოველთვის ქართულ საზოგადოებას, რომ არ დავუშვებდით ნაცმოძრაობის რაიმე ფორმით რევანშს და ამ პირობას ყოველთვის ვასრულებდით და ამ პირობას შევასრულებთ ასევე გაისად, საპარლამენტო არჩევნებში და შესაბამისად, ამ კუთხით ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები