პოლიციამ თბილისში 3 ობიექტის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა
ამობეჭდვა · 11 / 02 / 2019 16:29
პოლიციამ თბილისში 3 ობიექტის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, არასრულწლოვანი - 2002 წელს დაბადებული ს.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ს.ხ.-მ თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "სან-მარის" გაქურდვა სცადა, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა არასრულწლოვანი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

„დაკავებულს, ასევე, ბრალად ედება თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ფარდის სახლის“, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „სანელებლების კუთხის“ და ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს „დისქავერ
თრეველის“ გაქურდვა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს. გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და
„ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით"- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტეგები